საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ.
მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა შერეულ საავიაციო ბაზაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
სწავლების მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები, ინტერესები და თავისუფლებისთვის სწრაფვა აერთიანებს. დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან, რათა დაიცვან გლობალური სტაბილურობა, რითიც ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვინარჩუნებთ უსაფრთხოებას საერთო, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის.
,,მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ დგანან ქართულ მიწაზე. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ღირებულებებისა და ღირსებისათვის. თქვენ მხარდამხარ დგახართ ჩვენი თავდაცვისთვის. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის.
და ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენ ხართ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი ბრძოლა გადაიტანა თავისუფლებისათვის და ღირსებისთვის გამარჯვების ძლიერი შინაგანი რწმენით. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ეს რწმენა და დაგვიმარცხებია უძლიერესი იმპერიები.
თავისუფლება ქართველებისთვის და ამერიკელებისთვის უმაღლესი ღირებულებაა. სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნები ბუნებრივი პარტნიორები არიან, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და მიზნებს იზიარებენ. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი. მათ მინიჭებული აქვთ განუყოფელი უფლებები, რომელთა შორის არის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება.
ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. იმავე სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკელი ხალხის და მთავრობის დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ამ გზაზე ჩვენ საერთო იდეალები, მიზნები და საერთო გმირებიც კი გაგვაჩნია, როგორიც არის ჯორჯ ბალანჩინი, დიდი ალექსანდრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. მაგრამ ჩვენი ღირებულებები და ცხოვრების წესი გამოწვევების წინაშე დგას. ქალბატონებო და ბატონებო, ამ მოცემულ მომენტში რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით აღმართულია მავთულხლართები, რომლებიც ხელს უშლის ჩემს თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში. რამდენიმე კილომეტრში ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის. ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რადგან საქართველომ გადაწყვიტა ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
ეს გრძელდება უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისათვის რომ შეეჩერებინა რუსეთი, რათა არ მოქცეოდა სამეზობლოს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ამ პოლიტიკას არ გააჩნია საზღვრები, თუ მას არ შევაჩერებთ.
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა გახდეს გარდამტეხი კონფრონტაციისა და პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკის დასასრულებლად!
საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ევროპული განვითარების ისტორიულ საფუძველს წარმოადგენს. ეს ჩემი ქვეყნის ძველი, ისტორიული ფუნქციაა იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობა და კავშირები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ამისათვის ჩვენი თავისუფლება უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მყარი მოწოდება, რომ აღნიშნული კედელი დაინგრეს. ჩვენ გვჭირდება ის სულისკვეთება, რომელმაც ცივი ომი დაასრულა, ისე როგორც ერთერთმა გენერალმა ბრძანა -"უმაღლესი ხელოვნებაა მოიგო ომი ბრძოლის გარეშე".
ჩვენ გვჭირდება ძლიერი მმართველობა, ძლიერი პოლიტიკა ერთიანი მიუღებლობის გზავნილით, რათა თავიდან ავიცილოთ არასტაბილურობის ხანგრძლივი ერა. სხვაგვარად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა მიუღწეველია. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი ძლიერი გზავნილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლი განვითარერბის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდაჭერისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ კავშირს. „ძალა ერთობაშია!"- აღნიშნულია საქართველოს გერბზე და მჯერა, რომ მივაღწევთ კეთილდღეობას ერთობით, ღირსეული პარტნიორობის იმ სხვადასხვა განზომილების გაღრმავებით, როგორიცაა - დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და ხალხებს შორის კავშირები, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, როგორც ჩვენი ქვეყნებისათვის, ასევე მთლიანი ევროატლანტიკური სივრცისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატებული იქნება, რათა შევქმნათ მომავალი თაობებისათვის უკეთესი მომავალი.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები!" - აღნიშნა უმაღლესმა მთავარსარდალმა.
სწავლების მონაწილე სამხედროებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე.