ENG / RUS       12+

„საწყალი მიშა სააკაშვილი“ - მიშას შანსი

მარკ ცუკერბერგის გენიალური მიგნება ინტერნეტში „სოციალური მოდელის“ შექმნის თაობაზე იმითაცაა კარგი (სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად), რომ თუ ერთაზროვან „ფრენდშიპში“ არ ჩაიკეტები და სხვადასხვა ღირებულებათა მატარებელ ადამიანებს „დაუმეგობრდები“, გაქვს საშუალება, თვალი მიადევნო შეხედულებათა „კონვერგენციას“, რაც თავისთავად ნიშანდობლივი მომენტია. 

მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, ამგვარი „კონვერგენტი“ სიბრალულის გრძნობა ხდება. სხვადასხვა მოტივითა და ინტენციით, სხვადასხვა ფორმითა და „უორდინგით“, ფარული ნიშნისმოგებითა თუ ფარული სასოწარკვეთით, ამ განწყობას ორივე ბანაკის წარმომადგენლები გამოხატავენ. თუმცა, პირველთა საწყენად და მეორეთა გასახარად, მაინც უნდა ითქვას, რომ ორივე ცდება: „საწყალი მიშა“ სრული აბსურდია, - ოქსიუმორონია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ზოგადად, არ შეიძლება შეგეცოდოს. უბრალოდ, მიშას მართლა არავის შესაცოდი არაფერი არ „სჭირს“  არც ზოგადად, არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და ამით საკუთარი სისუსტე გამოამჟღავნა! 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

პოლიტიკას თავისი კანონები აქვს. მათგან ერთ-ერთი ამტკიცებს (და ბევრჯერ დაუმტკიცებია), რომ ნებისმიერი ნაბიჯი, მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, უპირველესად იმით „აიწონება“, როგორ აღიქვამს (საკვანძო ცნებაა) მას ხალხი, ანუ როგორ „გამოჩნდება“ ხალხის თვალში.

ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, მით უმეტეს იმ მომენტში, როდესაც უკრაინა საბედისწერო საარჩევნო კამპანიაში შედის, ნამდვილად აღიქმება და „ჩანს“, როგორც მთავარი მოწინააღმდეგის მოშორება ქვეყნიდან! არადა, სინამდვილეში, არავითარ „მთავარი მოწინააღმდეგე“ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთვის არ ყოფილა -  დღევანდელი პრეზიდენტის უპირველესი მტერიც და მეტოქეც იულია ტიმოშენკოა! „მიშას პარტია“ (მით უმეტეს, რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტრაგიკომიკური სკანდალის ფონზე), დაახლოებით იმდენივე პროცენტს მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებზე, რასაც ტრადიციულად იღებს საქართველოში „რესპუბლიკური პარტია“. ანუ პარტია, რომელიც ვერ ჩაითვლება „მარგინალად“ მისი „გაპიარებისა“ და მედიაში „ცნობადობის“, აგრეთვე არტიკულაციური უნარების (მიშას შემთხვევაში ოსტატური პოპულიზმის) გამო, მაგრამ ელექტორალური რესურსი არ გააჩნია.

ამიტომ,  თუ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო (ანუ ქვეყნიდან არ გააძევებდნენ), სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“,   ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს, რა „ანტიოლიგარქიული სკანდალებიც“ არ უნდა მოეწყო სააკაშვილს.

უკრაინული ელიტები შეთანხმდნენ, რომ პოროშენკოს კონკურენტი იულია იქნება. შეიძლება პუტინმა დააყენოს კიდევ თავისი ნათელ-მირონი მედვედჩუკი, მაგრამ სააკაშვილის ადგილი არც ამ არენაზე, არც მედია სივრცეში არ ჩანდა. ამიტომაც, მიშას შანსი, შეექმნა გავლენიანი ფრაქცია უკრაინულ რადაში, იყო ნული!
ოღონდ ეს  ქვეყნიდან გაძევებამდე, რაკი ასე ჩანს, რომ ეს არის „ქვეყნიდან გაძევება“. 

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა და არა მხოლოდ უკრაინელებმა, არამედ მსოფლიო მედიამ, მომხდარი აღიქვა, როგორც „მთავარი კონკურენტის თავიდან მოშორება“ (ასე „გამოჩნდა“), სააკაშვილი ხდება ასჯერ უფრო ძლიერი და სახიფათო მეტოქე არა მხოლოდ თვით პოროშენკოს, არამედ მთელი უკრაინული პოლიტბომონდისა და ელიტებისთვის!
იმიტომ, რომ ქვეყნიდან გაძევებით (ვიმეორებ: ასე „ინტერპრეტირდა“ ეს გადაწყვეტილება) სააკაშვილი იქცევა უკრაინის არასისტემური ოპოზიციის ლიდერად, მის ბელადად, ანუ ყველა იმ სოციალური და პოლიტიკური ძალის, მათ შორის შეიარაღებული ფორმირებების „მედროშედ“, რომლებიც მზად არიან ქუჩაში გამოვიდნენ ან მზად იქნებიან კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან კონკრეტული ხელისუფლების, ასევე  უკრაინული ელიტების და იმავე ოლიგარქატის წინააღმდეგ: 

„გაძევებული მიშა“, რომელიც გლობალურ მედიასივრცეში აქტიურობს და ნიუ იორკიდან ერთვება ტელეფონით მიტინგებზე, ბევრად საშიშია, ვიდრე კიევში  მყოფი და ადგილობრივ მედია-სივრცეში „ბლოკირებული“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, რაც შეეხება თვით სააკაშვილის განცდებს:

 „საწყალი მიშა“ მით უფრო სასაცილოა, თუ ამ ადამიანის მენტალობას და, რაც მთავარია, მის „ხასიათს“ გავითვალისწინებთ, რომლის განუყოფელი ნაწილია ტემპერამენტი. 

საყოველთაოდ ცნობილია ტემპერამენტის 4 ტიპი: „ქოლერიკი“, „სანგვინიკი“, „ფლეგმატიკი“ და „მელანქოლიკი“. მიშა პირველისა და მეორეს „ბირთვული ნაზავია“. ამიტომ დღეს (სწორედ დღეს, ახლა!) იგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი მშობლიურ გარემოში, ანუ  ბედნიერად: რაკი კვლავ აქვს საშუალება იბრძოლოს, იომოს, იაქტიუროს, ყურადღების ცენტრში იყოს, გავარდეს, გამოვარდეს, განაცხადოს, ამხილოს, შეკრიბოს, შეუტიოს, შევარდეს, გამოვარდეს..........კომიკური პარადოქსია, რომ ამ მხრივ მისი შანსი კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა, ხოლო ასპარეზი კი არ შევიწროვდა, არამედ პირიქით, გაფართოვდა: განსხვავებით სისტემური ოპოზიციისაგან, რომელიც უკრაინის ოლიგარქიული წყობის  ჩარჩოებშია მოქცეული, არასისტემური ოპოზიციის ლიდერი ყოველგვარი პირობითობისგან თავისუფალია და რაც უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგები შეიკრიბება „მაიდანზე“ -  „უკრაინელი ოპოზიციონერისთვის“ მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მით უფრო მეტი პატივისცემით და ყურადღებით მოეკიდებიან მას ამერიკელები და ევროპელები, - კიდევ  უფრო ხშირად მიიწვევენ კაპიტოლიუმის ბორცვზეც, თეთრი სახლის კაბინეტებშიც, სახელმწიფო დეპარტამენტშიც, ელისეის სასახლეშიც, სხვადასხვა „Think tank“-შიც და CNN-ზეც. 

ამავდროულად, მიშას უჩნდება შანსი, ლამის „მორალურ სიმბოლოდ“ იქცეს უკრაინელებისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიმპტომი იყო მისი დაუძინებელი მტრის, ოლიგარქ კალამოისკის განცხადება, რომელმაც „გაძევება“ დაგმო და მიშას „მთვლემარე უკრაინული სამეფოს მაღვიძარა“ უწოდა. 

არ არის გამორიცხული, ეს ჩვენი მიშა ლამის ცარიზმისდროინდელი გერცენისა და ირანის შახის დროინდელი აიათოლლა ჰომეინის დარ „დევნილად“ იქცეს უკრაინელებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, ამერიკელები სააკაშვილს ცივ ნიავს არ მიაკარებენ. მის ექსტრადირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. „წასასვლელი არსად აქვსო“....... რა სისულელეა! „წასასვლელის“ მეტი რა აქვს? მისი შვილები ამერიკის მოქალაქეები არიან, მეუღლე-ნიდერლანდის მოქალაქეა. ანუ არანაირი პოლიტიკური მოსაზრებებიც რომ არ არსებობდეს, მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისითაც კი, აპატრიდობა   ანუ უპასპორტობა მიშას ხელს ვერ შეუშლის ამერიკაშიც იცხოვროს და ევროპაშიც. მაშინაც კი, თუ პოლიტდევნილის სტატუსს ვერ მიღებს. 

თუმცა, ჯერ უკრაინის სასამართლო იქნება მთავარი „ბრძოლის ველი“. და თუ უკრაინის სასამართლომ (ნაკლებმოსალოდნელია, მაგრამ გამორიცხული არაა) სააკაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მოქალაქეობა აღუდგინა, მაშინ ამ ბრძოლიდან მიშა ბევრად გაძლიერებული გამოვა და არ არის გამორიცხული, იულიამ წინასაარჩევნო ალიანსიც შესთავაზოს. 

„ცოდო არისო“......... ცოდონი ჩვენ ვართ, თორემ მიშა თავის სტიქიაშია!

 

ნიკა იმნაიშვილი  

ავტორი: . .