პეტრო პოროშენკოს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ „ჩაწერა“ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან. დამკვიდრებული კლიშეს მიუხედავად, „ჩაწერა“ მაინც უკეთ ჟღერს, ვიდრე „მისცა“. ამ ინტერვიუს მთავარი მოტივი სწორედ პოროშენკოს დაგეგმილი სტუმრობა იყო, რადგან სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ (უკვე) მის მთავარ მტრად ქცეული პრეზიდენტის ჩამოსვლა თბილისში აუცილებლად იქნება განხილული საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კონტექსტში, რომელთაგან „კოსტიუმები“, რაც მან ახსენა, ჯერ ერთი, მარტო კოსტიუმებიც არ არის და არც თუ ყველაზე მძიმე საქმეა - არის კიდევ „გირგვლიანთან“ დაკავშირებული ქეისი, სანდრას შეურაცხყოფისთვის ბიზნესმენ-დეპუტატ გელაშვილის „მისიკვდილების“ ქეისი, 26 მაისის მიტინგზე ძალის აშკარად გადამეტებით გამოყენება გასასვლელების ჩაკეტვით...........
ლაპარაკი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და მის ექსტრადირებაზე სრული სისულელეა: უკრაინის სახელმწიფო ასეთ პრეცედენტს, მით უმეტეს სააკაშვილისთვის, ნამდვილად არ შექმნის. მაგრამ ცოტა თუ სვამს კითხვას: შესაძლებელია თუ არა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშივე გაასამართლონ საქართველოს პროკურატურის მიწოდებული მასალების შესაბამისად?! თეორიულად, რასაკვირველია, შეიძლება. საერთაშორისო სამართალი ასეთ შესაძლებლობას რომ არ ითვალისწინებდეს, მაშინ მართლმსაჯულებაც არ იარსებებდა. თუმცა ესეც ძალიან საეჭვოა, რაკი პოროშენკოს პარტია ამჟამად საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და პოლიტიკური ოპონენტის ასე საჯაროდ, ღიად დასჯა არ აწყობს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეში, ამ ტელეინტერვიუს ბევრად უფრო საინტერესო მომენტი იყო მიხეილ სააკაშვილის მოგონებები 2008 და 2011 წელზე. ანუ რუსეთს აგრესიასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდზე.
მიშამ ძალიან კარგად იცის: 2008 წლის კატასტროფული, თანაც საშინლად სამარცხვინო დამარცხება იყო მთავარი მიზეზი იმ პოლიტიკური „მატრიცის“ შექმნისა, რამაც საბოლოოდ ძალაუფლება დააკარგვინა. ამდენად, 2008 წლის თემას იგი არ მოეშვება და მუდამ შეეცდება პირდაპირ თუ არა, ქარაგმულად მაინც თქვას, რამ აიძულა მაშინ (7 ივლისს, დაახლოებით დღის 12 საათზე) მიეღო გადაწყვეტილება ცხინვალზე სრული ძალით შეტევის შესახებ.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოს მიშა სააკაშვილს აქვს ერთი თვისება, რაც მას კარდინალურად განასხვავებს სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან: სააკაშვილი არის ერთადერთი (!) ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც ქართული ბეჭდური მედიისათვის არც ერთხელ (!) ინტერვიუ არ მიუცია. უცხოურისთვის - რამდენიც გნებავთ, ქართულისთვის - არც ერთი! რატომ? ერთი შეხედვით მართლა უცნაურია და „სიყვითლისადმი ზიზღის“ არგუმენტად მოტანა სასაცილო იქნებოდა. სინამდვილეში მიზეზი ისაა, რომ ვერბალური ინტერვიუს ფორმატი უშვებს საზრისთა, დებულებათა, არგუმენტთა, ანუ ფრაზეოლოგიის „აღრეულობას“. ამ მხრივ, ვერბალური ინტერვიუ მუდამ უფრო „თავისუფალია“, ვიდრე დაბეჭდილი: რესპოდენტს შეუძლია რაღაც აზრი არ დაასრულოს, სხვა დებულებაზე „გადახტეს “უცბად, კითხვას ან საერთოდ არ უპასუხოს, ან სულ სხვა თემაზე დაიწყოს საუბარი და ა.შ. „დაწერილი“ კი იოლად „იშიფრება“ და ეს ეშმაკობები კარგად ჩანს.
მიშა სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი პოპულისტი (სალანძღავი სიტყვა არ არის) პოლიტიკოსია და ამას მუდამ ხვდებოდა. მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო. ამიტომ მისი იმდროინდელი (1995-2003წწ) „ბეჭდური“ ინტერვიუები დიდი იშვიათობაა- თუ საერთოდ მოიძევება.
რაც შეეხება „რუსთავი-2“-ს, ყოფილი პრეზიდენტი სხვა ყველა ტელეკომპანიას მუდამ უარს ეუბნება. ოღონდ იმ ინტერვიუზე ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს „არ სჭირდება“, ან კითხვებს ჩვეული ოსტატობით ვერ უპასუხებს თუნდაც „ჰარდ-თოლქის“ რეჟიმში: უბრალოდ, „თავისი“ (პირობითად) ტელევიზიის გაძლიერებას ცდილობს, რადგან სააკაშვილთან ექსკლუზივები ამ ტელეკომპანიის მნიშვნელოვანი რესურსია......სხვა უდავო რესურსებთან ერთად, რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაშ ასე. რა თქვა სააკაშვილმა ამ ტელეინტერვიუში 2008 წელზე ისეთი, რაც მანამდე (ასე) არ უთქვამს? ნამდვილად თქვა! თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი რამ; თქვა „ისე“, „როგორც“ არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა „ბეჭდურ“ ინტერვიუში, რადგან „ნაბეჭდის“ ანალიზი, - „ფანქრით ხელში“, - გამოააშკარავებდა იმ „ტექნოლოგიებს“, რაც „ნარატიულ ფორმატში“ ასე თვალშისაცემი არ არის.
მოკლედ თუ ვიტყვით, სააკაშვილის არგუმენტაცია (რასაც შინაარსობრივად შეუძლებელია არ დაეთანხმო) ასე გამოიყურება „ნაბეჭდი“ სახით, თუ მისი დიდოსტატური „პოპულისტური“ ენიდან „გადმოვთარგმნით:
„2008 წლის 7 აგვისტოს აღმოვჩნდი არჩევანის წინაშე „ცუდსა“ და „უარესს“ შორის....... „ცუდი“ იყო ის, რაც მოხდა, „უარესი“ კი ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო: თუ მე არ გავცემდი ბრძანებას, ქართულ არმიას დაეწყო მასშტაბური შეტევა ცხინვალზე და მთელს „სამხრეთ ოსეთზე“, მაშინ ოსური (!) შეიარაღებული ფორმირებები აიღებდნენ ალყაში მოქცეულ ლიახვის ხეობას, მოაწყობდნენ იქ ეთნოწმენდას, გამოყრიდნენ იქედან ქართველებს..........ეს ლტოლვილები ჩამოვიდოდნენ თბილისში, დაადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, მათ აუცილებლად აყვებოდა ოპოზიცია („ზუსტად ის ხალხი, ვინც ომის დაწყებაში გვადანაშაულებს, მაშინ დაგვადანაშაულებდა თუ რატომ არ დავიცავით ლიახვის ხეობა“), დაიწყებოდა ქუჩის აქციები, დესტაბილიზაცია, მოხდებოდა არმის დემორალიზება................ამით ისარგებლებდა იგივე ოსური მხარე, - რუსი კომბატანტებისა და ოსი სეპარატისტების ე.წ. „მოხალისეთა“ ლაშქარი შემოვიდოდა თბილისში (!), მე დამამხობდნენ ან ოპოზიციის აქტიურობით, ან იგივე „ლაშქრით“..............ხოლო დასავლეთი „მხრებს აიჩეჩდა“, რაკი რუსეთი პირდაპირ აქტიურად არ იქნებოდა ჩარეული, როგორც პირდაპირ, ღიად არ იქნებოდა ჩარეული, როგორც ღიად არ იყო ჩარეული თავის დროზე აფხაზეთის ომში და ვერანაირ დასავლურ მხარდაჭერას ვერ მივიღებდით, როგორც ვერ მივიღეთ აფხაზეთის ომის დროს, როცა რუსეთი ღიად „არ ჩანდა“...........ამიტომ, მკაფიო დასავლური მხარდაჭერის მისაღებად, აუცილებელი იყო ისეთი აქცია მოგვეწყო, რაც აიძულებდა რუსეთს, ემოქმედა ღიად, დაუფარავად, გახსნილად და არ „პროქსი“ ვითომ „ოსურ-კაზაკური“ ფორმირებების ხელით, როგორც აფხაზეთში მოქმედებდა 1993 წელს „პროქსი“ აფხაზურ-კაზაკურ-ჩრდილოკავკასიური ფორმირებების მეშვეობით..............ჩემმა ბრძანებამ ცხინვალზე სრული ძალით შეტევის შესახებ გამოიწვია მსხვერპლი ე.წ. „რუს სამშვიდობოებში“ და მოსკოვი იძულებული გახდა ღიად ჩარეულიყო..............შედეგად, დასავლეთმა „გაიღვიძა“ და გადავრჩით „უარესს“, თუმცა მივიღეთ „ცუდი“.
სააკაშვილი ამას პირველად არ ამბობს. თუ გახსოვთ მან ერთხელ (მხოლოდ ერთხელ) თქვა სადღაც 2009 წელს: „ბევრს არ ესმის - მაშინ იყო საშიშროება, თბილისზე აღმართულიყო ოსური (!) დროშაო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2008 წლის 7 აგვისტოსათვის შექმნილი ვითარების უემოციო, „ცივი გონებით“ ანალიზი ადასტურებს, რომ მიშა ამ შემთხვევაში ამბობს სრულ სიმართლეს! - იმ მომენტისთვის ომი (უკვე) მართლაც იყო აბსოლუტურად გარდაუვალი და ხელისუფლება მაშინ (უკვე) ნამდვილად იდგა ასეთი არჩევანის წინაშე - „ცუდსა“ და „უარესს“ შორის.
სხვა საქმეა, რომ თვით „7 აგვისტოს“ ვითარებამდე ქვეყანა მივიდა იმ ავანტურისტული, პროვოკაციულ-კონფრონტაციული (რად ღირს თუნდაც ანტიმოსკოვური „რევოლუციების“ მოწყობა ან მცდელობა უკრაინაში, ყირგიზეთში, ბელორუსში, ბოლოს კრემლთან), აროგანტული, ზერადიკალური, დაუბალანსებელი პოლიტიკის შედეგად, რასაც „თბილისი“ ატარებდა მოსკოვის მიმართ 2004 წლიდან - პირველი უკრაინული „მაიდნის“ მომენტიდან, რაც კრემლში აღიქვეს, როგორც ეგზისტენციური გამოწვევა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე საინტერესო „ვერბალური“ მოგონება უკავშირდება 2011 წელს. მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტიურად, აღიარა (პირველად), რომ იგი თავად, და მისი „გუნდი“, მაშინ მსჯელობდნენ ბიძინა ივანიშვილის ან დაპატიმრების ან ქვეყნიდან „გაძევების“ შესაძლებლობაზე.
ისევ და ისევ: რაც ექს-პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბრისას თქვა, „დაწერილ“ ინტერვიუში სულ სხვა ელფერს შეიძენდა. ამიტომაც არ უყვარს ქართული (!) ბეჭდური მედიისთვის ინტერვიუს „მიცემა“: აბა „გაშიფრეთ“ ეს ვერბალური იტერვიუ სიტყვა-სიტყვით და სცადეთ მისი „გალიტერატურულება“, - რამდენად დაულაგებლად, აბურდულ-დაბურდულად, წინააღმდეგობრივად, მთლიანობაში აბსურდულად და არადამაჯერებლად მოგეჩვენებათ ის, რაც ვერბალურად „ისმის“ და ასე თუ ისე „ჟღერს“.
თუმცა, უფრო საინტერესო სხვაა: რამდენად შეძლებდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილსაც მოქცეოდა ისე, როგორც მოექცა 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილს? ფორმალური საბაბი მოიძებნებოდა: ივანიშვილი მართლა აღარ იყო საქართველოს მოქალაქე, რაკი აღმოაჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა, რის შედეგადაც სრულიად კანონიერად ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა! ისევე, როგორც იმავე მიზეზით, ანუ უკრაინის მოქალაქეობაში შესვლის გამო, სრულიად ლეგიტიმური იყო საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა თვით სააკაშვილისთვის 2015 წელს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ივანიშვილის „ბინადრობის“ უფლებას კი განსაზღვრავდა საქართველოს კანონმდებლობა, რომელშიც სულ იოლად შეიძლება მოიძებნოს „ინსტრუმენტი“ არასასურველი უცხოელის გაძევებისთვის.
გარდა ამისა, ივანიშვილის (როგორც მინიმუმ) ქვეყნიდან დეპორტაციის ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს აშკარად ქმნიდა ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს უცხოელს პოლიტიკურ საქმიანობას. მით უმეტეს ამ საქმიანობის დაფინანსებას, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას და ა.შ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მიშას რომ მაშინ (2011 წლის დეკემბერში ან 2012 წლის გაზაფხულზე) ბიძინა საქართველოდან გაეძევებინა, მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა მისივე „განახლებული“ კონსტიტუციით..........და ვერანაირი „ციხის კადრები“ – „ობლად დარჩენილ“ ოპოზიციას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოაგებინებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ ვერ გააკეთა ეს სააკაშვილმა? რატომ ვერ გაბედა ივანიშვილის გაძევება? ქართული საზოგადოების რეაქციის და საქართველოში ივანიშვილის ავტორიტეტის შეეშინდა? რა სისულელეა! ნამდვილი და ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ დასავლეთმა აუკრძალა!!!
მაშინ ამერიკაში უკვე ობამა იყო პრეზიდენტი, უკრაინის მოვლენებამდე კიდევ 2 წელი რჩებოდა, ევროპელები (პირველ რიგში გერმანია) სააკაშვილს 2008 წელს „რუსეთთან ომის პროვოკატორად“ თვლიდა (უსამართლოდ), ანუ საქართველოს ხელისუფლებაში მისი დარჩენა ვაშინგტონს, ბერლინს და პარიზს უკვე აღარ უნდოდათ. ამიტომაც აგრძნობინეს მკაცრად (გასხვავებით პატარკაციშვილის ეპიზოდისგან) - ბიძინა ივანიშვილისთვის ხელი არ ეხლო!
არც „ახლო ხელი“ და დღეს კიევიდან „აძლევს“ ვერბალურ ინტერვიუებს. თუმცა.........მისი ფანატიზმისა და მართლა უცნაური ენერგიის გათვალისწინებით, პოლიტიკურ გვამად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ნიკა იმნაიშვილი