ENG / RUS       12+

კონკურს „თბილისის“ მიზანია ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა გაერთიანება ერთ სახელოვნებო ფორმატში, - ირაკლი შამათავა

რესპოდენტის შესახებ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, ირაკლი შამათავას ესაუბრა.  

 ირაკლი შამათავა:  საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს მწერლებს, მომღერლებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, არქიტექტორებს სახელოვნებო ფორმატში ერთმანეთს გაეჯიბრონ. კონკურენცია უფრო სასიამოვნოა, რადგან მასში როგორც დებიუტანტები, ისე ღვაწლმოსილი ხელოვანები ერთვებიან. სასიხარულოა, როდესაც ამ მარათონში ასობით მწერალი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მხატვარი, მუსიკოსი თუ ფოტოგრაფია. 2017 წელს ნაწარმოებების მიღება დაწყებულია და მიღება 8 სექტემბერს შეწყდება.  დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე. ვუსურვებ კონკურსანტებს წარმატებასა და გამარჯვებას.

- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის უფრო ნათელი რომ გავხადოთ, გამოცხადებული 7 ნომინაციის თემატიკა წინასწარ განსაზღვულია თუ მონაწილეებს თავისუფალი არჩევანი აქვთ?

-ძალიან ბევრის ნაწარმოებს ვეცნობი, იმის მიუხედავად, რომ ეს მოვალეობა ჟიურის კომპეტენციაა, უბრალოდ, როგორც მწერალს, მაინტერსებს, როგორი ამინდი იქმნება ქართულ სახელოვნებო-სალიტერატურო სივრცეში. თანამედროვეთა აზრი მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვანები ეხებიან სოციალურ-ეკონომიკურ თემებს და კულტურულ ასპექტში საუბრობენ „ალტერნატიულ საქართველოს რეალობაზე“, ლეიკემიით დაავადებულ ოჯახებზე, ემიგრანტობის სევდაზე, უსამშობლობაზე, აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე, „ზღაპრებზე ფანჯრიდან დანახულ ხეებზე“, ქართულ რეალობას - „დღევანდელობის ჰორიზონტიდან“, სოციალური ყოფიდან გამომდინარე დაკარგულ „მამის სახლზე“, რომელშიც პოეტი მისდაუნებურად აღმოაჩენს, რომ საზარელი რეალობის/დანაკარგის შემხედვარე მამა სიზმარშიც კვდება; არაჩვეულებრივად წერენ სკოლის მოსწავლეები ესეისტურ ნაშრომებს, ხან „თბილისზე“, ხან „ვეფხისტყაოსანზე“, პოემის თარგმანის მნიშვნელობაზე და ა.შ. (2017 წლის ესეს საკონკურსო თემატიკად განისაზღვრა „ილიას საქართველო“ ან/და ნებისმიერი თემა ნიკოლოზ ბარათიშვილის შემოქმედებიდან). ესეს თემატიკა ყოველწლიურად ცვალებადია.

-კონკურსის ასაკის მიუხედავად, რამდენად მზარდია მონაწილეთა დაინტერესება?

-კონკურსი „თბილისი“ ერთგვარი სტიმულია მეტი ნაწარმოებები შეიქმნას ქართულ სახელოვნებო სივრცეში. მოტივაციას ამაღლებს ასევე ფულადი პრემია, რომელიც შეადგენს 1500 ლარს და კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გია ჯაფარიძემ შექმნა.

კონკურსი 2015-2016 წლებში ორგზის ჩატარდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულად. კონკურსის მიმართ ხელოვანთა სიმპატია და დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ის მოსწონს სახელოვნებო სფეროს. 

- კონკურს „თბილისს“ სხვა სახელოვნებო კონკურსებისგან რა განასხვავებს?

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ მართლაც მრავალდარგოვანი კონკურსია და მას ანალოგი არ ჰყავს. ეს არაა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი, არამედ აერთიანებს სიმღერის, ფოტოგრაფიის, არქიტექტურის, ქანდაკების, ფერწერის ნომინაციებს.

კონკურსის მიზანია ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა გაერთიანება ერთ სახელოვნებო ფორმატში.

-კონკურსი მესამედ წელს ტარდება, წინა ორი წლის  გამოცდილებამ ხომ არ მოითხოვა ფორმატის შეცვლის ან ზოგადად, შინაარსის ცვლილების აუცილებლობა?

 -კონკურსის გზა ევოლუციას განიცდის, ის მუდმივად ვითარდება და იხვეწება, შესაბამისად მისი ყოველწლიურობიდან გამომდინარე, შესაძლოა მომავალ წელს სხვა ნომინაციებიც დაემატოს.

კონკურსი „თბილისი“ შარშან გასცდა ქვეყნის მასშტაბებს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის ფერწერის ნომინაციის გამარჯვებული, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი გახდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიასპორებთან და, სწორედ მათი აქტივობის საფუძველზე ვახდენთ ინფორმაციის გავრცელებას საზღვარგარეთ.

საკრებულოს გარდა, კონკურსის პოპულარიზაციაში სხვა სახელმწიფო უწყებები თუ მონაწილეობენ?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული, რაც ითვალისწინებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა და მოზარდთა ჩართვას კონკურსში. სამინისტროები მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის პოპულარიზაციის მხრივ, დიდ დახმარებას გვიწევენ.   

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა -2017’’-ის  ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს "ფინკა ბანკი საქართველო", "თელიანი ველი", სადაზღევო კომპანია "ირაო".   

 

ავტორი: . .