რესპოდენტის შესახებ
ბოლო დროის გახმაურებული საქმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, რეპერ გიორგი ქებურიას ციხის დატოვების შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ამის შესახებ მან „ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბარში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ჯგუფ „Birja Mafia“-ს წევრი, 20 წლის გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამავე დღეს, ამავე ბრალდებით დააკავეს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, მიხეილ მგალობლიშვილი. 12 ივნისს ქებურია სასამართლო დარბაზიდან 20 000 ლარიანი, მგალობლიშვილი კი, 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეპერების სასამართლო პროცესი 20 ივლისაა ჩანიშნული.
”ჯი-ეიჩ-ენ”-ს გიორგი ქებურია ესაუბრა.
”პროკურატურის მხრიდან ცალკე მიმდინარეობს იმ პირებზე გამოძიება, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. თუმცა, ძიება რა ეტაპზეა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ამოცნობაზეც არავის დავუბარებივარ. ჩვენ კი, ჩვენს მტკიცებულებებზე ვმუშაობთ.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, რა სახის მტკიებულებები აქვს დაცვის მხარეს მოპოვებული?
_ ადვოკატების რჩევით, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ... როცა დამაკავეს, ჩემთვის ახსნა-განმარტება არავის მოუცია, არ უთქვამთ რომ ისინი სამართალდამცავები იყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი მანერებით, იარაღით, მანქანით მივხვდი, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. თან, კლიპის გარშემო დამიწყეს საუბარი და ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი დაკავება, ჩვენს მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირდება.
_ რა ბედი ეწია ამ კლიპს, აიღეთ ინტერნეტ სივრციდან?
_ ეს კლიპი ინტერნეტში კვლავ არის განთავსებული, თუმცა, ის სკანდალური კადრი ისევ დაფარულია. კიდევ კარგი, ეს კლიპი მაშინ არ ავიღეთ, როცა ამის თხოვნა ჩვენამდე მოვიდა, რადგან ხალხს ვერ დავუმტკიცებდით, რომ სწორედ ამ კლიპს მოჰყვა ყველაფერი. ეს კლიპი ინტერნეტში უკვე 2 000 000 ნახვაზეა ასული.
როცა გავიგეთ, რომ ამ კლიპმა პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, ვერც დავუშვით, რომ მსგავსი რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო, სამართალდამცავების ლოგიკურობის იმედი გვქონდა, მაგრამ რაც კლიპში გავაშარჟეთ, ის აღმოჩნდა მართალი. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა.
_ რა მოლოდინი გაქვთ თქვენი საქმის ირგვლივ?
_ ბრალდება უნდა მოგვეხსნას, ყოველ შემთხვევაში, დაზარალებულად უნდა გვცნონ და თავისუფლებაში დავრჩეთ. განსაკუთრებით, იმ საქმეების ფონზე მაქვს ამის იმედი, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებისთვის საჯარო გახდა. შოთა პაკელიანის, მიხეილ თათარიშვილის საქმეებს ვგულისხმობ. იმედს ვიტოვებ, ჩვენს საქმესაც ნათელი მოეფინება.
_ თქვენი აზრით, რომ არა საზოგადოების აქტიურობა, ბერა ივანიშვილის საჯარო მხარდაჭერა და რამდენიმე მინისტრის განცხადებები, დღეს თავისუფლებაში იქნებოდით?
_ ბერას სტატუსიც და ყველა პოლიტიკური განცხადება აქციის, ხალხის აქტიურობის შემდეგ იყო. საზოგადოება რომ არ გამოსულიყო, ჩვენ ციხეში ვიქნებოდით. კიდევ ბევრი ადამიანი ზის ციხეში, რომლებიც მართლები არიან, მაგრამ მათი საქმეები არ გახმაურებულა. ჩვენ ამ ფაქტმა, რომ ის გახმაურდა, გადაგვარჩინა.
_ ანუ თქვენ საზოგადოების აქტიურობამ გადაგარჩინათ და არა პოლიტიკურმა განცხადებებმა, ბერა ივანიშვილის სტატუსმა?
_ ჩვენ ყველაფერმა ერთად გადაგვარჩინა. საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, საქმე ამხელა მასშტაბებს არ მიიღებდა, არ გახმაურდებოდა, შესაბამისად, ჩვენ ისევ პატიმრობაში ვიქნებოდით.
_ როგორია ახლა თქვენი მდგომარეობა, დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
_ მას შემდეგ რაც საპყრობილე დავტოვე, მარტო თითქმის ვერ ვმოძრაობ. მშობლების გარეშე არ გადავაადგილდები, რადგან მაინც არსებობს იმის საფრთხე, რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდეს.
უნივერსიტეტშიც პრობლემები შემექმნა, მთელი სემესტრი წყალში ჩამეყარა, ყველა საგანი ჩასაბარებელი დამრჩა, რადგან როცა დამაკავეს, ფინალური გამოცდების, პრეზენტაციების პერიოდი იყო. ბევრი გამოცდის გაცდენა მომიწია. თან, როგორც გითხარით, თავისუფლად ვერ გადავაადგილდები, ან სახლში ვარ, ან ადვოკატთან.
ამას გარდა, ფსიქოლოგიური სტრესის გამო ფსიქოლოგთანაც მიწევს სიარული, რომ რეაბილიტაცია ბოლომდე შევძლო. ასე რომ, ჯერ სასიკეთო არაფერია.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა, ”ჯი-ეიჩ-ენი”