აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.
ნიუ-იორკში 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.
რაჟდენ შულაიას მიერ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, სატვირთო გადაზიდვებზე გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვის, დოკუმენტებისა და ანგარიშ-ფაქტურების გაყალბების მცდელობას, ასევე სხვა დანაშაულს გულისხმობდა. დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.