საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია.
არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უკრაინელ სტუმრებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ისტორია და სტრუქტურა გააცნო, შემდეგ კი, მიმდინარე კურსებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ მინისტრის კითხვებსაც უპასუხა და უკრაინულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოგვიანებით სტუმრებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანსაც ესტუმრება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.