შიშროების საბჭოს მდივნის შეფასებები შემაშფოთებელია და ესეც მიუთითებს, რომ ამ ორგანოს სერიოზული გარდაქმნა სჭირდება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დავით რაქვიაშვილის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უშიშროების საბჭო ვერ უზრუნველყოფს ვერც ჰიბრიდული გამოწვევებისა და ვერც ანექსიის პრევენციას.
”რა ცვლილებაა დრამატული თავდაცვის სისტემაში, გარდა იმისა, რომ დღევანდელი, აბსულუტურად ბუნდოვანი სისტემა, მკაფიო სისტემით ჩანაცვლდება. სად არის აქ მორღვეული უშიშროების სისტემა?! რომელი დრამატული ცვლილება ხორციელდება თავდაცვის სისტემაში?! ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება დრმატული არ არის! დღეს უშიშროების საბჭო ვერ უზრუნველყოფს ვერც ჰიბრიდული გამოწვევებისა და ვერც ანექსიის პრევენციას. მე თვითონ ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და ვიცი რას აკეთებს საბჭო და რა საკითხები განიხილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. რა კავშირი აქვს უშიროების საბჭოს ჰიბრიდული გამოწვევების პრევენციასთან? საუბარი იყო იმის შესახებ, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა იყოს მართული სიტუაცია, როცა საქმე ჰიბრიდულ საფრთხეებს ეხება. უშიშროების საბჭო 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს ამ საფრთხეების მართვას? უშიშროების საბჭოს წევრი ვარ და კოორდინაცია ჩემსა და საბჭოს სხვა წევრებს შორის და აპარატსა და საბჭოს სამდივნოს შორის 6 თვეში ერთხელ ხორციელდება, გამომდინარე იმ დატვირთვიდან და ფუნქციიდან, რაც კონსტიტუციით უშიშროების საბჭოს გააჩნია. საბჭოსგან პერიოდულად ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის არც ჰიბრიდულ საფრთხეებთან და არც ანექსიის პრევენციასთან”, - აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანს მიმართა.
ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს.