ENG / RUS       12+

კახა გოგოლაშვილი: აშშ თავისი მძლავრი რესურსებით, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების გატეხას მოახერეხებს

რესპოდენტის შესახებ

საქართველოში ობამა-მედვედვის შეხვედრას ბევრი ელოდა. შეხვედრა შედგა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციზე გაკეთებული განცხადებები სხვადასხვაგვარად გაიგეს. რეალურად, ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედვი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კვლავ უთანხმოებაა, თუმცა ორივე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული უთანხმოება ორ ქვეყანას სხვადასხვა სახის თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის. ობამა-მედვედევის შეხვედრას წინ უძღოდა თეთრის სახლის შედარებით მკვეთრი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს პატივი სცეს. ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, "ჯი-ეიჩ-ენი" პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო კახა, როგორ შეაფასებდით ბარაკ ობამას განცხადებას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველოს საკითხი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში უთანხმოების საკითხად რჩება...

_ აღნიშნული პოზიცია აშშ-ის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ჩვენ ეს გვესმის უკვე ერთი წელია, ზუსტად იმავე სახით დახასიათება რუსეთთან ურთიერთობისა. როცა დაიწყო ე. წ. გადატვირთვის კამპანია, სწორედ მაშინ ბარაკ ობამამაც და ჰილარი კლინტონმაც ახსენეს ეს უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელმაც თითქოსდა ხელი არ უნდა შეუშალოს იმ მიმართულებებში თანამშრომლობას, სადაც ორივეს ინტერესი ემთხვევა. ეს იყო ობამას განცხადება.

_ ობამას განცხადებას წინ უძღოდა შტატების მთავრობის შედარებით მკაცრი განცხადება, სადაც თეთრი სახლი რუსეთისგან მოელის, რომ ის საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანს...

_ დიახ, ობამას განცხადებას ემატება თეთრი სახლის განცხადება, რომელიც ოფიციალური შეერთებული შტატების განცხადებაა. ეს წინ უძღოდა ობამა-მედვედევის შეხვედრას. იქ ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარები, პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ. თეთრი სახლის პოზიცია იყო უფრო მკვეთრი, ვიდრე თავად ობამას პრესკონფერენცია. საერთო ჯამში, ეს გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში უკან არ იხევს და ცდილობს, ამ საკითხის აქტუალურობა არ შენელდეს, არ შეიქმნას ილუზია იმისა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას შეეგუა. საკითხისადმი მათი ამგვარი მიდგომა იმედს გვაძლევს, რომ აშშ თავისი მძლავრი რესურსებით, საბოლოო ჯამში, მოახერეხებს რუსეთის დაყოლიებას და მისი პოზიციების გატეხას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.

_ მედვედევმა განაცხადა, რომ კავკასიაში კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციათა სხვადასხვაობა ხელს არ უშლის მხარეებს, იმსჯელონ მომავალზე და ახალ კონტაქტებზე ამ საკითხთან მიმართებაში. საკითხის მიმართ რუსეთისა და აშშ-ის ამგვარი დამოკიდებულება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უთანხმოება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება?

_ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც თითქოსდა საქართველოს მთავრობის გამო, 2008 წლის აგვისტოში წამოწყებული კონფლიქტის შედეგად შეიქმნა. მედვედევმა სპეციალურად ახსენა 2008 წელი, რომ აჩვენოს - გადის დრო, ეს იყო წარსულში და წარსულში დარჩება, რაც უფრო მეტი დრო გაივლის, ეს ამბავი მით უფრო დავიწყებას მიეცემა. ობამას არანაირი თარიღი არ უხსენებია, მან ილაპარაკა ახლანდელი, მიმდინარე დროის კონტექსტში. ობამამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობა ახლანდელი მდგომარეობით არსებობს და არა რაღაც წარსულში მომხდარი ფაქტების გამო. ეს არის ორი განსხვავებული მიდგომის მაგალითი - რუსეთი ცდილობს, პრობლემა 2008 წლის კონფლიქტამდე დაიყვანოს, თითქოსდა ეს არის ძველი ამბავი, რომლის იარებსაც დრო მოაშუშებს, ხოლო ობამა და აშშ ხაზს უსვამენ, რომ ეს არის ამ მომენტის პრობლემა - რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირება, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთოებების წარმოება. შტატების პოზიციიდან ჩანს, რომ მას სურს, ეს პრობლემა დროთა განმავლობაში გადაწყდეს, სხვა შემთხვევაში, აშშ ვერ განიხილავს რუსეთთან სრულფასოვანი, ჰარმონიული ურთიერთობების შექმნის საკითხს. შეერთებული შტატები, ობამას განცხადებით, რუსეთთან ითანამშრომლებს მხოლოდ იმ საკითხებში, რომელიც მას ხელს აძლევს და რომელშიც პოზიციათა თანხვედრა არსებობს. მოვლენების შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რამდენად შეუძლია აშშ-სა და მთლიანდ დასავლეთს, ბოლომდე გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

_ მაგალითად, რა საკითხი შეიძლება დაბლოკოს უთანხმოებამ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის მომავალ ურთიერთობებში?

_ მაგალითდ, ობამამ ისაუბრა ინოვაციურ პოლიტიკაზე. იმაზე, რომ რუსეთს შეეწყოს ხელი მოდერნიზაციაში და ტექნოლოგიურ განვითარების მიმართულებაში. ეს ყველაფერი არის იდეები, რომლითაც ობამამ მედვედვს აჩვენა, აშშ-ს აქვს სურვილი და რესურსები, რომ რუსეთს დაეხმაროს, მაგრამ ეს დახმარება არ იქნება უპირობო. საქართველოს საკითხი იქნება ერთ-ერთი პირობა, რომლის შესრულებაც რუსეთს მოუწევს იმისთვის, რომ შტატების დახმარება მიიღოს ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტექნოლოგიური განვითარების მოდერნიზაცია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირდაპირ გაცხადებული, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ითქვა, აღნიშნულის ამოკითხვა შეგვიძლია. რადგანაც უთანხმოებაზე საუბრის შემდეგ, ობამამ იმ წუთშივე გაამახვილა ყურადღება ამაზე და თქვა: ჩვენ არა მარტო უნდა ვითანამშრომლოთ იარაღის შემცირებასა და უსაფრთხოების საკითხებში, არამედ უფრო ღრმა თანამშრომლობაზე უნდა წავიდეთ და გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობაო და ეს განცხადება იყო მიბმული ზუსტად საქართველოს საკითხის შემდეგ. სწორედ საქართველოს ხსენების შემდეგ განავითარა ობამამ ეს აზრი. აქედან ჩანს, რომ ეს საკითხები გარკვეულწილად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

_ როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავლაში, უნდა ველოდოთ თუ არა ბარაკ ობამას ტონის უფრო გამკაცრებას რუსეთის მიმართ, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით?

_ შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მკაცრი განცხადება უკვე გააკეთა. უბრალოდ, არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, დიპლომატიური მოსაზრებების გამო, რომ ობამას პირადად გაეჟღერებინა ასეთი მკაცრი განცხადება, რადგან მასთან სტუმრად იყო ჩასული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. იქ ასეთი ტონის ჩვენება და მკაცრი საუბარი იქნებოდა იმ მიზნების უგულებელყოფა, რომელსაც ეს ვიზიტი ემსახურებოდა, თუმცა ოფიციალურმა ვაშინგტონმა გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადება პარალელურად ამ შეხვედრისა. პრაქტიკულად მოხდა არაპერსონიფიცირებული განცხადების გაკეთება, მაგრამ იმავე ძალის და იმავე დატვირთვის მქონე.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა დავით ქოქოშვილი

 

ავტორი: . .