საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ელექტრონულ სისტემებთან აქვთ წვდომა.
კურსი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. ბიუროს ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოსთვის კიბერსივრცის დაცულობისა და სტრუქტურულ ერთეულებსა და უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. მან კიბერინციდენტების გაზრდის საგანგაშო ტენდენციაზეც ისაუბრა.
ერთთვიანი თეორიული კურსის განმავლობაში ბიუროს წარმომადგენლები მსმენელებს კიბერსაფრთხეებთან, ასევე, კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან და პრაქტიკულ და ტექნიკურ მაგალითებსაც წარუდგენენ.