უსაფრთხოების თემი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, თუ ისინი ამ სახით განხორციელდება, საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილმა უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, უახლოეს ათ დღეში კიდევ ერთი ღონისძიება შედგება, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილება ეს პრობლემა.
"განვაგრძობთ კონსულტაციებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და თავდაცვისუნარიანობას ეხება. დღეს გვექნება მორიგი შეხვედრა უსაფრთხოების თემთან, სადაც განვიხილავთ იმ პრინციპებს და რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები. უსაფრთხოების თემი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, თუ ისინი ამ სახით განხორციელდება, საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის. უახლოეს ათ დღეში გვექნება კიდევ ერთი ღონისძიება, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ ამ პრობლემებს”, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, დავით რაქვიაშვილთან შეხვედრას ესწრებიან თინა ხიდაშელი, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი მუჩაიძე, დავით სიხარულიძე, ბათუ ქუთელია და სხვები.