მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციის ახალ პროექტში მკაფიოდ და ზედმიწევნით ლოგიკურად არის ასახული ეს პროცესი, განსაზღვრულია კომპეტენციები, მათ შორის პრეზიდენტს განსაზღვრული აქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები უფლებამოსილებები.
"მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი. ამას ეთანხმებიან ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. აბსოლუტურად ბუნდოვანია, თუ რა ხდება საგანგებო, საომარი მდგომარეობის დროს დღევანდელი რეგულაციით. კონკრეტულად, ვის რა უფლებამოსილება აქვს. ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში მკაფიოდ და ზედმიწევნით ლოგიკურად არის ასახული ეს პროცესი, განსაზღვრულია კომპეტენციები, მათ შორის პრეზიდენტს განსაზღვრული აქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები უფლებამოსილებები. რაც მთავარია, ის ხელმძღვანელობს საომარი მოქმედებების დროს თავდაცვის საბჭოს, რომელიც არის საერთო კოორდინაციაზე პასუხისმგებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხავს და არანაირ საფუძველს არ ტოვებს იმის თქმის, რომ პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით ხდება ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ, რომ სტრუქტურა არ მიდის არც ერთი სხვა სახელმწიფო ლიდერის დაქვემდებარებაში, ის რჩება პრეზიდენტის დაქვემდებარებაში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.