ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მოშლილია კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით სამუშოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმართება.
პრეზიდენტის განცხადებით, ის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს.
"უშიშროების საბჭოს დიდი ხნის ისტორია გააჩნია, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში განსჯის საგანი გახდა. თავიდანვე გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც, ჩემი აზრით, დაფუძნებული იყო უსაფრთხოების გარემოს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ბოლომდე გაუაზრებლობასთან. თავიდანვე პოლიტიკური დამოკიდებულება საქართველოში უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის - უშიშროების საბჭოს მიმართ გამოიხატებოდა როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე ღია ბოიკოტსა და იმ დამოკიდებულებაში, რომელიც გამოიხატა პარალელური სტრუქტურის - უსაფრთხოების საბჭოს შექმნის სახით. სამწუხაროდ, ბოლო პროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მოშლილია კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით სამუშოდ. ის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.