საქართველოში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დელეგაცია იმყოფება. დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს. დელეგაციას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შეფასება წარმოადგენდა.
საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრეს. მათ, 2017 წელს 28-30 მარტს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებთან ერთად, იმ ინიციატივების მონახაზი განიხილეს, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმაში აისახება.
თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები, თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020“ დოკუმენტი (SDR 2017-2020), „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.