თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი გრძელდება. კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების თემებზე ლექციებს უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები უკითხავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღეს, კურსის მონაწილეები ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და მის პრიორიტეტებს გაეცნენ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ ლექცია თემაზე - „რეგიონული თანამშრომლობა“ წაიკითხა. მან ყურადღება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ცენტრებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საგარეო კურსზე გაამახვილა. საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და საქართველოს მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.