საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გახსნეს.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მემორიალის გახსნას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.
დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 26 წელი სრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ღონისძიებები გაიმართა.