საქართველოს შეიარაღებული ძალები 26 წლისაა. დღეს ქართული არმიის დაარსებიდან 26 წელი სრულდება. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილია. ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.
გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან. ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.