თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ინფო 2017“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირადად მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
როგორც თავდაცვის სამინისტროდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ.
ერთკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპებისა და კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა.
„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სწავლების ფარგლებში საინფორმაციო გარემოს შექმნისთვის წლევანდელ სწავლებაში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ.