ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისა და გაუმჯობესების მისიით, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქ. თბილისში იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის კონტრაქტორი კომპანიის (Advanced Systems Technology and Management - AdSTM) წარმომადგენელი პეტერ კელმი და ლიტვის რესპუბლიკის რადიაციული დაცვის ცენტრის დირექტორი ალბინას მასტაუსკასი, როგორც AdSTM-ის ექსპერტი. მათ შეხვედრა სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გამართეს.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა პარტნიორებს გააცნო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე გამოწვევები.
გამართული მოლაპარაკებების შედეგად, AdSTM-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საქართველოს მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მომავალი მხარდაჭერის მზადყოფნა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.
ვასილ გედევანიშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის.