საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს საქართველოში სერჟანტთა კორპუსის პროფესიული განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა, შეფასება და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
მთავარ სერჟანტ მარტინ კარტიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე მასპინძლობს. დღეს გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა სტუმარს საქართველოს სერჟანტთა კორპუსში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სერჟანტთა ახალი სამხედრო განათლების კონცეფცია და კარიერული განვითარების სისტემაც განიხილეს.
დღესვე, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, საველე სწავლებას დაესწრო და სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრს მოინახულებს.