თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში განხორციელებულ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო მტკივნეული, თუმცა თავდაცვის სისტემის რეფორმირებისკენ მიმართული.
„გარკვეული გადაწყვეტილებები შეიძლება იყო ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული, ამის დასაბუთებას მე ბუნებრივია, დღევანდელი სხდომის ფარგლებში წარმოგიდგენთ, მაგრამ მთავარი, რაც ამის ლეგიტიმაციას და სიმყარეს გვაძლევდა არის ის, რომ ყველა ნაბიჯი გადადგმული თავდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის მიმართული იყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, ჩვენი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისკენ,“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიას თქმით, გეგმების 70% უკვე შესრულებულია, დარჩენილი უკავშირდება შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას, მეტ წვრთნებს და სტაბილური ინსტიტუციური განვითარების პირობების შექმნას.
„ყველა გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღებული, დაეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პრაქტიკის გაზიარებით მოხდება ცვლილებების განხორციელება, მათ შორის იმ მიმართულების ფარგლებში, რასაც თავდაცვის უწყება ქვია,“ - აცხადებს ლევან იზორია.
კომიტეტზე ლევან იზორიამ ისაუბრა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. კერძოდ კი, საუბარი შეეხო უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენას ფრანგული მხარისგან. მომავალ კვირას თავდაცვის მინისტრი შეხვდება ფრანგ კოლეგას. მისივე თქმით, საუბარია შეიარაღების სხვა კომპონენტების შეძენაზე.