შარიათის აეროდრომის დაბომბვას 10 სირიელი სამხედრო მოსამსახურე და 9 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამის შესახებ სირიის არმიის სამეთაურო შტაბში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო დარტყმები სირიის სახელისუფლო ძალების ავიაბაზაზე შეერთებულმა შტატებმა დღეს, გამთენიისას განახორციელა. როგორც რუსული მხარე ირწმუნება, შარიათის აეროდრომამდე 59-დან 23-მა რაკეტამ მიაღწია.
განადგურებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო კორპუსი, სამზარეულო, რადიოლოკაციური სადგურები და მიგ-23 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. რუსული მხარე მომხდარს სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ ღია აგრესიად აფასებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.