ამერიკელი ოფთალმოლოგები გვაფრთხილებენ, რომ გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური შემავსებლების (ფილერები) კანქვეშა ინექციამ თვალის გარშემო და შუბლის მიდამოში შეიძლება ბადურას იშემიური შეშუპება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
ცხიმის, კოლაგენის, ჰიალურონის მჟავასა და სხვა გელისებრი ფილერების სახის კანქვეშ შეყვანა ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რომლის მიზანია ნაოჭების ქვეშ მოცულობის შევსება და კანის გადასწორება. უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები მხოლოდ სისხლჩაქცევებისა და შეშუპებების სახით ვლინდება პრეპარატის შეყვანის ადგილზე.
ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ ფილერების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სახის შუა ნაწილში, მაგალითად, პირის გარშემო, თუმცა ექიმები მათ ხშირად თვალის გარშემო და შუბლზე არსებული ნაოჭების საკორექციოდაც იყენებენ.
თვალის გარშემო კანის დაჩხვლეტისას კოსმეტიკური შემავსებელი შეიძლება შემთხვევით იქ არსებულ წვრილ სისხლძარღვებში მოხვდეს, ამ გზით ბადურას ცენტრალურ არტერიამდე მიაღწიოს და მისი სისხლის მიმოქცევის ბლოკირება გამოიწვიოს. არტერიისა და მისი ტოტების ოკლუზიის შემთხვევაში პროგნოზი არასასურველია: 50%-ში მხედველობის სიმახვილე 0,01-მდე მცირდება, ხოლო 10%-ში სრული სიბრმავე ვითარდება, მხედველობის ნერვის შემდგომი ატროფიის გამო.
სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გართულებები იშვიათად გვხვდება, აუცილებელია მათი გათვალისწინება. თვალის გარშემო სისხლძარღვების რთული ქსელის არსებობის გამო ნებისმიერი ინექცია ამ არეში საფრთხის შემცველია თვალის ჯანმრთელობისთვის და მეტიც, სისხლძარღვების გამავლობის დარღვევამ შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაკარგვაც გამოიწვიოს.