ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას.
ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარადჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ტრანსფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყებაში მიმდინარე რეფორმა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, თანამედროვე, მდგრად და ნატოსთან თავსებადი ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას თქმით, რეფორმის შედეგად შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა ექნება დაიცვას საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა გარე აგრესიისგან, ამავე დროს კი, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრმა თავდაცვის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2017-2020 წლების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შემუშავებაში საერთაშორისო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი: „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციასა და ოპტიმიზაციას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქნილობისა და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს“.
ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრა და ამ პროცესში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან განაცხადა, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდისა და საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი გახდა.
ნატოს უმაღლეს სამხედრო პირებთან სიტყვით გამოსვლის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მზაობა წვლილი შეიტანოს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ლევან იზორიას შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან. „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“.
გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმაატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.