საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) უცხადებს. სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის პრეზიდენტს ბრედ ფედმანს შორის გამართულ შეხვედრაზე.
აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის ექსპერტები საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში აქტიურ წვლილს შეიტანენ და ქართულ მხარეს აღჭურვილობის უზრუნველყოფაშიც გაუწევენ დახმარებას.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება მოახდინეს, სადაც ამერიკელი ექსპერტების ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული. “აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომელსაც უწყების ფარგლებში ვატარებთ. ეს რეფორმები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ახლა იწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წვრთნებს უკავშირდება. ჩვენ საჯაროდ უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება მას საფუძველი. მრჩევლების აქტიურობა, მათი ამ წვრთნებში ჩართულობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაპარაკია ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე. მოხდა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც მათი გააქტიურება, მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული, რათა დაწყებული პროცესი მივიყვანოთ ლოგიკურ წარმატებულ შედეგამდე“, - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბრედ ფედმანმა CUBIC-ის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხანგრძლივ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ჩვენ საქართველოს ბევრი წელია მხარდაჭერას ვუწევთ. შეხვედრაზე საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების საკითხი განვიხილეთ. ამჟამად, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 25 ქვეყანას ვუზრუნველყობთ აღჭურვილობით. ვგეგმავთ, ქართულ მხარესაც გადმოვცეთ აღჭურვილობა. ასე რომ, ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რომელიც უკვე მრავალია წელია გრძელდება“.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, კუბიკის პროგრამის მენეჯერი საქართველოში უილიამ ქრეივენი და კუბიკის ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე მაიქლ კელი დაესწრნენ.
აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორისაა თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. კუბიკის მეორე ჯგუფი დახმარებას უწევს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში. მესამე ჯგუფი კი, დახმარებას უწევს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის JCATS და MILES ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების გამოყენება-უზრუნველყოფაში.