გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის შალვა ჯაბახიძის ინფორმაციით, კომპენსაცია 209 სამხედრო პირს მიეცა, ხოლო 160 სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს მიაწოდა.
ჯაბახიძის განცხადებით, ოპტიმიზაცია სამოქალაქო პირებსაც ეხება.
"რა თქმა უნდა, კადრების განკარგულებაში გაყვანილი არიან სამხედრო პირებიც და ძირითადი ნაწილი გაყვანილია სამხედრო ოფიცრებიდან და სერჟანტ კაპრალებიდან. ძირითად ნაწილს კომპენსაცია მიეცა, რომელიც 10 ათასი ლარიდან 29 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ამ ეტაპზე დარჩენილია კადრების განყოფილებაში, იმაზე ვმუშაობთ, რომ მათი დასაქმება ისევ შეიარაღებულ ძალებში მოხდეს. დაბალი თანამდებობის პირებიდან "ქამრების შემოჭერა" არ დაწყებულა. ერთ-ერთი პირველი, ვისაც რეორგანიზაცია შეეხო, მრჩევლების ინსტიტუტი იყო. მათ შორის, თავდაცვის მინისტრის მრჩევლები იყვნენ. ეს ეროვნულ გვარდიაში არსებულ შტატსაც შეეხო. ასე, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ დაბალ დონეებს არ შეეხო. კომპენსაცია 209 სამხედრო მოსამსახურეს - ოფიცერს მიეცა, მაგრამ ამ ეტაპზე, კადრების განკარგულებაში 160 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება", - განაცხადა ჯაბახიძემ.