საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა. ქუთაისში, III მსუბუქ ქვეით ბრიგადაში ყოფნისას გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, გამონთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს.
III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გენერალური შტაბის უფროსს ბრიგადაში მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ქუთაისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსაც ესტუმრა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.