რესპოდენტის შესახებ
უსაფრთხოება არის საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად, - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანულ გამოცემა Die Zei -თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რა ამბიციები ამოძრავებს რუსეთს რეგიონში, კვირიკაშვილი პასუხობს:
„საქართველოს რთული ისტორია აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან, თუმცა, თავად კონფლიქტის უკან დგას რუსეთის უზარმაზარი გავლენა. ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, თუ როგორ გაფორმდა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, ხორციელდება ამ რეგიონების მზარდი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში“.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მხოლოდ შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაფორმდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
„რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ“,-აცხადებს საქართველოს პრემიერი გერმანულ გამოცემასთან საუბრისას.
გერმანული გამოცემის ჟურნალისტმა პრემიერს დაუსვა კითხვა - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების ერთი-ერთი მიზეზი შესაძლოა შემდეგი იყოს: ტერიტორიული მთლიანობის გარეშე საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი. უკეთესი ხომ არ იქნებოდა უბრალოდ უარი გეთქვათ ნატო-ს წევრობაზე?
"ნატო-ს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში ერთის მხრივ ქართველებს, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატო-ს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. ნატო-სთან თანამშროლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის. აქ საუბარია ღირებულებებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ეს ერთგულება ეფუძნება ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ ახლო ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ირანთან. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ევროპელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შემდეგ კითხვა ასეთ იყო - რუსეთში ფიქრობენ, რომ ნატო ალყაში აქცევს და საფრთხეს უქმნის რუსეთს. რამდენად გასაგებია თქვენთვის რუსების შიში ამ მხრივ? ნუთუ არ არის აუცილებელი ამაზე რეაგირება?
"ჩვენთვის ცნობილია რუსეთის შიშები, თუმცა კი - გაუგებარი. საქართველო ნატო-ს წევრის რანგშიც არ შეუქმნის რუსეთს არავითარ საფრთხეს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვაჩვენოთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. წელს ერთი მილიონი რუსი ტურისტი გვესტუმრა, თუმცა არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებული. ეს ბევრზე მეტყველებს! ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი მტრული განწყობა და ჩვენი სურვილი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ამ მიმართულებით ინტერპრეტირებული. სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენ რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას სათანადოდ არ აღიქვამენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტრატეგია უშედეგოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, პროგრესი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ცვლილებები მაინც სახეზეა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის მნიშვნელოვან დონეს. რასაკვირველია, ეს არ არის ყოვლისმომცველი სტაბილურობა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი კვლავინდებურად ოკუპირებული რჩება. თუმცაღა, მეორეს მხრივ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად არ გვიწევს, გვეშინოდეს სამხედრო აგრესიის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას.
„როგორ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული? როცა ხდება მოქალაქეთა დაკავება იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ საზღვრებად? ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პრემიერის აზრით, ის, რომ ქართველებს სურთ უფრო მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, ასევე მეტი რუსი ტურისტის ჩამოსვლა ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ ეს გულისხმობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიის შეცვლის მოთხოვნას. ქართველთა 75% ემხრობა ნატო-ში ინტეგრაციას, ხოლო 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.