2005-2008 წლებში 32 მილიონი დოლარი გაქრა კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული. ასევე 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად და ეს საქმეები პროკურატურაშია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზე განაცხადა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანხები, რომლებიც გაქრა მიემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების ჯიბეში.
„მინდა ერთი ფაქტი იცოდეს საზოგადოებამ, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ამაზე ინფორმაცია ექნება, თუ არ აქვს ეს სამწუხაროა. თქვენი ხელისუფლების პირობებში, 32 მილიონი დოლარი გაქრა 2005-2008 წლებში, კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული, ასევე ბატონო გიგა ბოკერია, თქვენ საყურადღებოდ, რადგან თქვენ იყავით პასუხისმგებელი პირი. 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად. ეს საქმეები პროკურატურაშია, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ საჯაროდ ვამბობ, რადგან მოსახლოებამ უნდა იცოდეს, როგორ ზრუნავდით მათ თავდაცვისუნარიანობაზე. მოდით ყველამ ვთქვათ, სად მიემართებოდა ეს თანხები. ეს თანხები მიემართებოდა თქვენს ჯიბეში. წინასაარჩევნო კამპანიაც შემიძლია ვივარაუდო, რომ სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, როდესაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, როდესაც შედეგად გაქვს დაკარგული ტერიტორიები და როდესაც ხალხს უნდა უთხრათ ამის შესახებ“, - განაცხადა იზორიამ.