"ნატო-საქართველოს სწავლება 2016” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციებს დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.
დღეს სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” 130-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატოს "მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT,) “ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის” (Landcom), “ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის” (JFTC) და ნატოს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევნენ. სწავლების მიმდინარეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების (“ევროკავშირი”, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”) და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სიმუალციური სცენარის მიხედვით ნატოს მრავალეროვნული ბრიგადის მიერ კრიზისზე რეაგირების გაცნობის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "ნატო-საქართველოს სწავლება 2016" რიგით მეორე საერთაშორისო წვრთნაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში ტარდება. "ამ წვრთნების წარმატებულად ჩატარება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის ტრადიციად იქცეს საქართველოში და მომავალშიც ასევე წარმატებულად ჩატარდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და პირველად ხდება ნატოს ისტორიაში, რომ ეს წვრთნები აისახა პირველად ნატოს წვრთნების რეგულარულ ციკლში, რაც დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ მას განგრძობითი ხასიათი ჰქონდეს. ჩვენი მთავარი მისწრაფებაა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები პასუხობდნენ ნატოს სტანდარტებს და შესაბამისად, სწორედ ასეთი წვრთნები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს სტრატეგიული მისწრაფება, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, მოვიყვანეთ სისრულეში სწორედ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით და ამაღლებით. წვრთნების კომპონენტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით და ჩვენ ნატოსთან საერთო წვრთნების ჩატარების კუთხით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ". ლევან იზორიამ ასევე განაცხადა, რომ შემდეგი წლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინფრასტრუქტურის უფრო გაძლიერებაზე იქნება მიმართული, რათა ის სამაგალითო ცენტრი გახდეს რეგიონში.
ნატო-საქართველოს წრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 10-20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და ნატო-საქართველოს ხანგრძლივ სამხედრო თანამშრომლობაში მორიგი წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ტარდება და ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს ფიქტიური სცენარზე დაყრდნობით, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარება.
სწავლების დაგეგმვის ოთხდღიანი და აღსრულების სამდღიანი პერიოდის განმავლობაში ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული ბრიგადისა და საერთაშორისო შტაბის წევრები ნატოს დაგეგმვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ნატოს საკომუნიკაციო სისტემას გაეცნენ. სწავლების მთავარი მიზანია, გააძლიეროს ეფექტური ურთიერთქმედება ნატოს შტაბ-ბინასთან და განავითაროს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ნატოს სტრუქტურაში. სწავლება ასევე ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს. სწავლება კიდევ ერთი დადასტურებაა ნატოს მუდმივი მზადყოფნის, გააძლიეროს ურთერთთავსებადობა და პარტნიორობა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან. სწავლება რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლება, რომელი საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება. აღნიშნული სწავლება პირველია, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კრიზისულ სიტუაციებში საპასუხო ოპერაციების მრავალეროვნულ სწავლებას ხელმძღვანელობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ნატოს სწავლების დაგეგმვისა პროცედურები სრულიად არის დაცული და პირველ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელიც ნატოს რეგულარული სწავლებების ციკლშია და მომავალშიც განხორციელდება.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით ნატო-საქართველოს წრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება. 13 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა სწავლებაში სამხედრო ოფიცრებითაა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: თურქეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, სლოვენიის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები: უკრაინა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.