ENG / RUS       12+

აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ის, ვინც უნდოდა პუტინს!

 თუ (!) ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ჯი ტრამპი სრულად განახორციელებს იმ საგარეოპოლიტიკურ პროგრამას, რომელსაც იგი მუდმივად   „აჟღერებდა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაშინ საქართველო, რამდენიმე წელიწადში, იქცევა რუსეთის ფედერაციის 90-ე სუბიექტად! შეიძლება სამხრეთ ოსეთმა შეგვასწროს. მერე მოგვყვებიან სხვებიც, ალბათ (!) ბალტიის ქვეყნების გამოკლებით და ესეც მხოლოდ „ალბათ“.

ამ საშინელ დასკვნაში არანაირი, იოტისოდენი გადაჭარბება არ არის. არის მხოლოდ იმედი, რომელიც უკავშირდება სათაურში გამოტანილი ფრაზის პირველ ძახილისნიშნიან სიტყვას „თუ“. მას  ისეთივე სასოებით უნდა ველოლიავოთ, როგორი (არა სასოებით არამედ ვაჟკაცობით) წარმოთქვამდნენ ძველი ბერძნები, - მტრის მუქარას რომ უპასუხეს: „თუ“ ავიღებთ ქალაქს, მოგაოხრებთო“, ჰოდა იმათაც მიუგეს  ერთი მოკლე სიტყვით „თუ“.

ოღონდ,  მათგან განსხვავებით, პატარა საქართველო ამ ვეებერთელა რუსეთს, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ვერ გაუმკლავდება, ამიტომ „თუ“ მართლა სასოებაა ჩვენთვის ისევე, როგორც მოზრდილი უკრაინისთვის, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაზე ათჯერ დიდია, ისიც კი ვერ შეძლებს ამერიკის გარეშე რუსული აგრესიის მოგერიებას.

„თუ“ კიდევ იმიტომ, რომ ამერიკა, საბედნიეროდ,  არ არის მხოლოდ პრეზიდენტი! ამერიკა არის ყოვლისშემძლე კონგრესი, ამერიკა არის ორი ტრადიციული პარტია, ამერიკა არის ზემძლავრი მედია და, რაც მთავარია, ამერიკა არის საზოგადოებრივი აზრი მაგრამ . . . . . . . უბედურებაც ესაა: აქაც კი შეიძლება გაგვიჩნდეს პრობლემები, ვინაიდან ყველა ამ ინსტიტუტისთვის, პირველ ყოვლისა კი მისი უდიდებულესობა „ამერიკელი ხალხისთვის“, ნამდვილად, ეგზისტენციურად  მიუღებელი რომ ყოფილიყო ის, რასაც ტრამპი ამბობდა და რა პრიორიტეტებსაც „ალაგებდა“, მაშინ იგი ესოდენ ტრიუმფალურად ვერ გაიმარჯვებდა, ხოლო „ბილარი“ კლინტონი ესოდენ სამარცხვინოდ არ  წააგებდა.

აი, სწორედ ეს მომენტია აქ ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან თუ ამერიკულმა საზოგადოებამ ჩათვალა მეასეხარისხოვნად ის, რაც ჩვენთვის (უკრაინელებისთვის, მოლდოველებისთვის, ესტონელებისთვის) ეგზისტენციური, ესე იგი სასიცოცხლოა, მაშინ ვერც ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტთა დივერსიფიცირებულობა გვიშველის, ვერც ამერიკის იურიდიული ვალდებულებები (განა „უშველა“ უკრაინას „ბუდაპეშტის მემორანდუმმა“ ჯერ კიდევ ტრამპამდე?) და ვერც ამერიკული კონგრესი, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ანუ, ასე თუ ისე, მაინც ტრამპის თანაპარტიელები დაეუფლენ - საკუთარი პარტიული ინტერესებით, „დემოკრატებთან“ მუდმივი კონკურენციით და იმგვარი  „სულელური წვრილმანებით“ აუტკივარი თავის არატკივების ბუნებრივი ინტენციით, როგორიც საქართველო ან უკრაინაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სათაურში გამოტანილი დებულება სხვაგვარადაც შეიძლებოდა ფორმულირებულიყო: „გაიმარჯვა იმან, ვინც აწყობდა (ხელს აძლევდა) პუტინს“.

მაგრამ ასეთი ფორმულირება იმ უკანასკნელ იმედსაც კლავს, რომ პუტინი, ბოლოს და ბოლოს შეიძლება ცდებოდეს: თეორიულად შესაძლებელია,  ტრამპი სულაც არ აღმოჩნდეს „ის და ისეთი“, როგორიც მას ეგონა ან ჰგონია.

ამიტომ, ბევრად სწორი იქნება  ვუპასუხოთ სხვა საინტერესო და, ნებისმიერ შემთხვევაში რელევანტურ კითხვას: „მაინც  რატომ უნდოდა პუტინს სწორედ ტრამპის და არა კლინტონის გამარჯვება?“

რომ უნდოდა - აშკარაა! ამაზე დავას ალბათ ვერავინ დაიწყებს.  გავიხსენოთ, თუნდაც, მისი წამყვანი „სპიკერ -მონებისა“ და რუსული ოფიციოზის, მათ შორის „ტელეისაკნდერთა“  „საინფორმაციო მეინსტრიმი“  ამერიკული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.

 გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდა რუსული საინფორმაციო „კიბერ-არმია“ ტრამპს მთელი წლის განმავლობაში იმით, რომ უძვრებოდნენ კომპიუტერებში კლინტონს, აგრეთვე უამრავ „ტუტრუცუნა დედაკაცს“ მის გარემოცვაში და ამ გზით მოპოვებულ სკანდალურ მეილებს შემდეგ აწვდიდნენ „სასარგებლო იდიოტ“ ჟულიან ასანჟს მისი „უიკილიქსისთვის“, რათა ტრამპს მორიგი ტელედებატებისას დაეყვედრებინა.

ანუ, აქ ყველაფერი ცხადი და უდავოა: პუტინს ტრამპი უნდოდა!

რამდენად დაეხმარა ამ ყველაფრით, სხვა საკითხია; ბევრი თვლის, რომ არანაირი განსაკუთრებული წვლილი მაინც არ მიუძღვის და ეს ყოველივე დიდი ვერაფერი მხარდაჭერა იყო, და რომ ტრამპი ამის გარეშეც მოიგებდა.

კი ბატონო, ამაზე არავის ვედავები. ჩავთვალოთ რომ მეასეხარისხოვანი იყო პუტინის ფაქტორი ტრამპის გამარჯვებაში. დავუშვათ ასეა (თუმცა ამ დაშვებას კატეგორიულად არ  ვეთანხმები, ანუ დიახაც მიმაჩნია, რომ პუტინის წვლილი საკმაოდ დიდი გამოდგა) მაგრამ მთავარი კითხვა ხომ ძალაში რჩება: რატომ? რატომ უნდოდა პუტინს სწორედ ტრამპს მოეგო და არა კლინტონს?

ამ კითხვაზე საპასუხოდ კი, დავაკვირდეთ, რას წარმოადგენს ზოგადად ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ტრამპის ფენომენი; რა იყო ის მთავარი, ანუ „დედააზრი“, რის გარშემოც  „მოიქსოვა“ ეს უკვე ზემძლავრი ფენომენი?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპი არჩევნებში მონაწილეობდა სლოგანით: „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“. ოღონდ, განსხვავებით თანაპარტიელი „ვიზიონისტი“ ჯორჯ ბუშ- უმცროსისა და მისი „ნეოკონებისაგან“, მით უმეტეს განსხვავებით „ბილარისგან“, ტრამპს  ამერიკის დიდება „ცოტა“ სხვაგვარად ესმის.

აი, მაგალითად. ვინც ბოლო დროს იმ  ქვეყანაში ყოფილა, დამეთანხმება: ამერიკაში ამერიკულ ჯინსს ვერ იყიდი! გამორიცხულია. ვერ ნახავთ, ვერ იპოვით, მთელი მანჰეტენი რომ მოიაროთ, ვერ მიაგნებთ ვერსად, ვერც ერთ „სთორ“-ში, ვთქვათ, ლეგენდარულ Levi,s – ლეიბლზე ეწეროს ოდესღაც დიადი სიტყვები „Made in America!“

ამერიკაში ამერიკულ ჯინსს ვერ ყიდულობდე, ამაზე მეტი სიგიჟე გაგონილა? რეალურად ან მექსიკაშია შეკერილი, ან ინდონეზიაში, ან სადღაც  „ჯანდაბაში“ (არ ვიცი ინგლისურად როგორ იქნება), რომელიც ამერიკელებს არც გაუგიათ და წარმოდგენაც არა აქვთ სად არის.

კი ბატონო, ჩავთვალოთ ეს წვრილმანად (თუმცა წვრილმანი სულაც არაა) და გადავიდეთ უფრო „მსხვილმანზე“.

ტრამპი ამერიკელებს დღენიადაგ ეკითხებოდა: ჩვენი სიამაყე, ჩვენი ლეგენდარული, ოდესღაც უსაყვარლესი ქალაქი დეტროიტი, სადაც ჩვენ, ამერიკელებმა, ავაგეთ პირველი კონვეირი და 1920-იან წლებში გამოვუშვით პირველი მასობრივი „ფორდი“ - რატომ უნდა იყოს დღეს ქცეული  ბინძურ კლოაკად, ვირთხებისა და მაწანწალების უბადრუკ თავშესაფრად?!  ხოლო ამერიკაში „ტოიოტებს“  ყიდდნენ ვიღაც „მურთხი იაპონელები“, რომლებსაც ჩვენ, ამერიკელებმა, ატომური ბომბი ვგლიჯეთ, დავამარცხეთ, გავანადგურეთ მეორე მსოფლიო ომის დროს?

შემდეგი კითხვა ტრამპისაგან: ჩვენ, ამერიკელებმა, ჩვენმა შეუდარებელმა, ნათელმა  გენიამ, სტივ ჯობსმა, შევქმენით „აიფონი“. რატომ უნდა ეწყობოდეს იგი არა ჩიკაგოში, არამედ სადღაც პეკინის ბინძურ ჯურღმულებში? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩინელი მუშა მზადაა დღეში დოლარად იმუშაოს და ამ დოლარის გადამხდელს კიდევ ფეხის თითები დაუკოცნოს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი, სწორედ ამ სრულიად ლოგიკურ, სრულიად ბუნებრივ კითხვებს ისმენდა მილიონობით ამერიკელი „თეთრსაყელოიანი“ (ესე იგი შესანიშნავი ამერიკელი ინჟინრები), ასევე ათეულობით მილიონი ამერიკელი „ცისფერსაყელოიანი“, ანუ მუყაითი, შემოქმედებითი, ფანატიკურად შრომისმოყვარე თეთრკანიანი, ანგლოსაქსი ამერიკელი მუშა, რომლის ყადრი, პროფესიით მშენებელ ტრამპზე უკეთ, არავინ იცის.

ისინი ხომ თითქმის ყველანი უმუშევრები დარჩნენ ე.წ. „გლობალიზაციისა“ და უსამართლო ეკონომიკური გადანაწილების შედეგად?!

ტრამპი კი აგრძელებდა არაპოლიტკორექტული, თუმცა აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვების დასმას, რომელთაც ამერიკული ისტებლიშმენტი ვერაფერს პასუხობდა: „ობამამ გააფორმა ე.წ. „წყნარი ოკეანის თავისუფალი ბაზრის შეთანხმება“, ხოლო ე.წ. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ წესდებით, ჩვენ დიდი ხნის წინ გავხსენით ამერიკული ბაზრები. მაგრამ განა ამერიკა და ვთქვათ ინდონეზია, ჩინეთი, სინგაპური, ვიეტნამი, თანაბარ პირობებში ეჯიბრებიან ერთმანეთს ეკონომიკურად?

 უკაცრავად: როდესაც ამერიკაში არსებობენ ზემძლავრი პროფკავშირები, ხოლო იმავე  ჩინეთში მსგავსი არაფერია; როდესაც ამერიკაში არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო ჩინეთში ამის ნასახიც არაა; როდესაც ამერიკაში არის მრავალპარტიული დემოკრატია, ხოლო ჩინეთს კვლავ „კომპარტია“ მართავს, ეს უკვე აღარაა  პატიოსანი კონკურენცია ეკონომიკის სფეროშიც, ვინაიდან ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ჩინელი მუშა იოლად დათანხმდება იმუშაოს ერთ დოლარად დღეში მაშინ  როდესაც ამერიკელი მუშა ათ დოლარზეც არ იქნება თანახმა!

როგორ შეიძლება „თანასწორუფლებიანი და პატიოსანი“  იყოს კონკურენცია იმ ქვეყანასთან, თუნდაც ყველაზე „ზელიბერალური“ კანონდმებლობა ჰქონდეს ეკონომიკურ სფეროში (მაგალითად სინგაპურთან) სადაც „ადამიანად“ წოდებულ ორფეხა არსებას საჯაროდ როზგავენ სამსახურში დაგვიანებისთვის? ამერიკელ მუშას ამას ვინმე გაუბედავს? ვინმე აუკრძალავს გაფიცვის უფლებას - როგორც აკრძალულია „ზელიბერალური ეკონომიკის“ სინგაპურში?

და ამ ორი ქვეყნის ეკონომიკათა თავისუფალი კონკურენცია, ასეთ პირობებში,  პატიოსანი კონკურენციაა? - კითხულობდა ტრამპი.

ტრამპს ხომ არც ერთხელ არ უთქვამს „ინგლისელები ან ირლანდიელები, ან ესპანელები თუ ფრანგები ართმევენ ამერიკელებს სამუშაო ადგილებსო“. არადა, ბევრ სფეროში ართმევენ. არ უთქვამს იმიტომ, რომ ინგლისში ისეთივე დემოკრატიაა, როგორც  ამერიკაში!

ინგლისისა და ამერიკის ეკონომიკათა კონკურენცია პატიოსანი კონკურენციაა, რადგან თუ ამერიკაში მოქმედებენ პროფკავშირები, ინგლისშიც მოქმედებენ პროფკავშირები! ინგლისშიც არსებობს გაფიცვის უფლება (განსხვავებით სინგაპურისა და ჩინეთისგან) ინგლისშიც მრავალპარტიული დემოკრატიაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ანუ, ტრამპი ამერიკელებს ეუბნებოდა, რომ თუ კონკურენციაა, - კონკურენცია იყოს. ოღონდ სამართლიანი, მართლა ყოველმხრივ თანასწორი  და არა ისეთი, რასაც ობამამ მოაწერა ხელი, როდესაც ფაქტიურად მონური შრომის გამომყენებელ არადემოკრატიულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოებს აქვთ საშუალება,  სამუშაო ადგილები წაართვან  ამერიკელ მუშებსა და ინჟინრებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი „თეთრსაყელოიანები“ და „ცისფერსაყელოიანები“ მოქალაქეობრივ და პროფესიულ ღირსებას ერთმანეთისგან არათუ არ არჩევენ, არამედ ერთ მთლიან ღირებულებად მიიჩნევენ!

არ არის მართალი? ტოტალიტარული, კომუნისტური, ერთპარტიული ჩინეთისა და ამერიკის ეკონომიკათა კონკურენცია „პატიოსანი კონკურენციაა?!“

ტრამპი ამბობდა: კეთილი ინებეთ, თქვენც დააფუძნეთ დემოკრატია, თქვენც დაუშვით პროფკავშირები, თქვენც დაუშვით 30 დღიანი შვებულება (და არა 5 დღიანი, როგორც იმავე იაპონიაში), თქვენც დაუშვით სიტყვის თავისუფლება, თქვენც დააკანონეთ გაფიცვის უფლება,  შეწყვიტეთ იუანის ადმინისტრაციული  დევალვაცია „კომპარტიის „ცკ“-ს დადგენილებით (რათა ხელოვნურად გააიაფოთ ჩინეთში გამოშვებული პროდუქცია) და მერე ვნახოთ, აჯობებს თუ არა თქვენი პროდუქცია ამერიკულს, იქნება  თუ არა უფრო მომგებიანი ჩინეთში გამოშვებული „აიფონი“ - ჩიკაგოში დამზადებულზე . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა შემდეგი რაკურსი იგივე პრობლემისა. ტრამპი თეთრკანიან, მუყაით, შრომისმოყვარე ამერიკელ მუშასა და ინჟინერს ეკითხებოდა:  რატომ არ იკერება Levi,s ამერიკაში და იკერება მექსიკაში? რატომ ხარ შენ უმუშევარი? რატომ ხარ იძულებული, საკუთარ პროფესიულ (ადამიანურ) ღირსებას მიაფურთხო და იმუშაო არა „კრაისლერის“ დიდებულ ქარხანაში, არამედ  „მაკდონალდში?“  რატომ გადააქვს იმავე „კრაისლერსა“ და „ფორდს“ ან „ეფლ“ -ს ქარხნები ჩინეთსა და ინდონეზიაში?

პასუხი: იმიტომ, რომ ამერიკაში გადასახადები მეტისმეტად მაღალია! მერედა რატომ არის გადასახადები მაღალი? იმიტომ, რომ ამერიკამ, ბოლო 25-30 წლის განმავლობაში, იკისრა ისეთი საგარეოპოლიტიკური ვალდებულებები, რომელებიც იძულებულია მარტომ ზიდოს მაშინ, როდესაც მის მოკავშირეებს რატომღაც მიაჩნიათ, მხოლოდ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა უნდა შეინახოს, მაგალითად, იგივე „NATO“.

„მე გეკითხებით“ - ხშირად წამოიძახებდა ხოლმე ტრამპი - „რატომ უნდა იხდიდეს ამერიკა ფულს, რათა  გერმანიაში ჯანდაცვა იყოს უფასო? რომ გერმანიაში უმაღლესი  განათლება იყოს უფასო? რატომ არ უნდა გადაიხადონ მათ ფული საკუთარ დაცვაში, რატომ არ უნდა გამოჰყონ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის  ფრანგებმა, გერმანელებმა, იტალიელებმა, ესტონელებმა, ლიტველებმა მთლიანი შიდა პროდუქტის ისეთივე პროცენტი როგორც ამერიკამ?!

იმიტომ, რომ ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა? ნურას უკაცრავად - პასუხობდა ამ კონტრარგუმენტს  ტრამპი - ზესახელმწიფოებრიობა და ამერიკის დიდება მე მაშინ მესმის, როდესაც „კრაისლერი“ ან „აიფონი“ ამერიკაში აეწყობა და მას ჩვენი გენიალური ამერიკელი ინჟინერი, ჩვენი შეუდარებელი ამერიკელი მუშა გამოუშვებენ საკუთარ სამშობლოში! ანუ, არ იქნებიან უმუშევრები და არ იქნებიან იძულებულნი, „მაკდონალდსის“ ოფიციანტებად იმუშაონ. აი, ესაა ჩემთვის ამერიკული დიდების დაბრუნება და არა ის, რომ ამერიკული ჯარი იდგეს იტალიაში ან ესტონეთში!

 ამიტომ, კეთილი ინებონ გერმანელებმა, ფრანგებმა და ესტონელებმა ან იმდენივე გადაიხადონ საკუთარ უსაფრთხოებაში, რამდენსაც  ჩვენ ვიხდით,  ან ჯანდაბამდეც გზა გქონიათ!!! იმდენივე გადაიხადოს თავდაცვაში იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რამდენსაც ჩვენ ვიხდით და მერე ვნახოთ, თუ დასჯაბნის ამერიკულ ბაზარზე მათი „ჰიუნდაი“, „ჰონდა“ ან თუნდაც „ტოიოტა - ლენდ კრუიზერი“ - „ფორდსა“ და „კრაისლერს“.

თუ არა და კი ბატონო, თუნდაც გადავცეთ მათ ატომური იარაღი და თვითონ დაიცვან თავი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სად იწყება აქ პუტინის ინტერესი? თითქოსდა, რა შუაშია  პუტინი?   სწორედ აქ იწყება - ტრამპის ამ პრიორიტეტში და „ამერიკული სიდიადის“ ტრამპისეულ გაგებაში!

  რაკი ტრამპის მთავარი პრიორიტეტი და „ამერიკული დიდების“  მისეული გაგება ამერიკაში ინდუსტრიის დაბრუნებაა (როგორ და რა მეთოდებით  გასაგებია: თუნდაც უსამართლო WTO დანგრევითა და მუქთამჭამელი NATO-ს გაუქმებით) პუტინს უჩნდება „შესაძლებლობათა ფართო ფანჯარა“ იქ, იმ სივრცეში, სადაც ძევს მისი სასიცოცხლო იმპერიული ინტენცია, ესე იგი პოსტსაბჭოურ სამყაროში!

სხვა, რეალურად,   პუტინს არც არაფერი აინტერესებს და თვით ტრამპმა, აგრეთვე მისმა მრჩევლებმა ეს ძალიან კარგად იციან: განსხვავებით რონალდ რეიგანის ეპოქისგან, მოსკოვს დღეს არა აქვს გლობალური ამბიცია; იგი არ აპირებს ამერიკას გაეჯიბროს მთელს პლანეტაზე, მოუწყოს მას „წითელი რევოლუციები“ და ა.შ.

მოსკოვი (პუტინი) ტრამპისგან ითხოვს მხოლოდ ერთს: „განსხვავებით ჩინეთისგან, მე ხომ არ ვართმევ სამუშაო ადგილებს ამერიკელ მუშებს? მე ხომ არ გეჯიბრებით და არც შემიძლია გაგეჯიბროთ იმაში, რაც თქვენი პრიორიტეტია, ესე იგი ჩინეთივით ან იაპონიასავით ეჭვ ქვეშ დავაყენო ამერიკის ეკონომიკური ძლევამოსილება მთელს მსოფლიოში? მე ხომ არა ვარ წინააღმდეგი, ჩემი ფინანსური კაპიტალიც კი, რასაც „ნავთობის რენტიდან“ ვიღებ, სწორედ ამერიკის გრძელვადიან თუ მოკლევადიან ობლიგაციებში დავაბანდო და ამით კიდეც დაგეხმაროთ, - თქვენი საბანკო-ფინანსური სისტემა იყოს ძლიერი და სტაბილური? მე ხომ აღარ მივძვრები კუბაზე იქ რაკეტების დასაყენებლად? მე ხომ არაფრით აღარ ვემუქრები ისრაელს? ხომ აღარ ვაპირებ მთელი ევროპის „გაწითლებას“ და „გაკომუნისტებას?“

მე, პუტინი,  გთხოვთ მხოლოდ ერთს: დაანებეთ თავი პოსტსაბჭოურ სივრცეს, დაანებეთ თავი უკრაინას, საქართველოს . . . . .  ანუ, დამანებეთ ეს სივრცე მე, მომეცით ეს სივრცე მე, დახუჭეთ თვალი იმაზე, რომ ამ ქვეყნებს დავიბრუნებ არა ყოველთვის სამხედრო, მაგრამ ათასგვარი მეთოდით;  უბრალოდ დახუჭეთ ამაზე თვალი. ეს ჩემთვის საკმარისი იქნება. მეტს არაფერს გთხოვთ, სხვაგან არსად პრობლემას არ შეგიქმნით, ახლო აღმოსავლეთიდანაც წავალ, ბაშარ ასადსაც ჩაგაბარებთ, ოღონდ კი უკრაინაში გამიცვალეთ  და ა.შ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპს ობამა და კლინტონი  საყვედურობდნენ, რომ ამგვარი „გეშეფტი“ (გერმ. „გარიგება“) არამზადობა იქნებოდა და „მოკავშირეთა გაყიდვა“. მაშინ ტრამპი სრულიად ლოგიკურად უბრუნებდა მათ კითხვას: „კი მაგრამ, როდესაც პუტინმა „თავზე გადაგახიათ“ ბუდაპეშტის მემორანდუმი, თქვენ თვითონ რა გააკეთეთ ცარიელი ლაყბობის გარდა?“ „როდესაც საქართველოს ტერიტორიები დაიპყრო მოსკოვმა, თქვენ თავად რა გააკეთეთ იმის გარდა, რომ  სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ის სამარცხვინო „პერეზაგრუზკა“ დაიწყო პუტინთან?

დავსვათ კითხვა: რა უფრო ანგრევს  ამერიკის პრესტიჟს მსოფლიოში -  მოაწყო ისტერიკა ყირიმის ანექსიის გამო, მაგრამ საქმით ვერაფერი გაბედო მოსკოვის წინააღმდეგ, ანუ სამარცხვინოდ  „ჩაისვარო“, თუ უბრალოდ აღიარო რეალობა, რომელიც დადგა, თუკი ამ რეალობის შეცვლის არანაირი შანსი აღარ  არსებობს?

და მაშინ რატომ გიკვირთ ტრამპის სიტყვები: „ყირიმს დე-ფაქტო რუსეთის ნაწილად ვაღიარებო“. რა, არ არის რუსეთის ნაწილი? თუ არ არის, ობამამ ან კლინტონმა რამე გააკეთეს რათა არ იყოს?

როგორც ჩანს, ტრამპი მეორეს ირჩევს და „რეალპოლიტიკის“ მრისხანე კანონებიდან გამომდინარე, მართალიც იქნება საკუთარი ქვეყნის მიმართ; იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც ობამა ღიად დაემუქრა პუტინს „ყირიმის ანექსიის“ გამო, თუმცა რეალურად ვერაფერი გაბედა, ამას სჯობს საერთოდ არ დამუქრებოდა! როდესაც ობამა დაემუქრა ასადს, - „თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებ დაგარტყამო“, იმან გამოიყენა და ობამამ „ჩაისვარა“, ამას სჯობს საერთოდ არ დაემუქრო და საერთოდ არ ჩაერიო!

მართალია თუ აქ  ტრამპი? არც ისე იოლი კითხვაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყოველ შემთხვევაში მან ზუსტად იცის ერთი რამ და ამაში ამერიკელთა უმრავლესობაც დაეთანხმა, რომ „ამერიკა - ამერიკელებისთვის“ ბევრად უფრო გასაგები, მისაღები და რეალისტური პროექტია, ვიდრე „ამერიკა - მსოფლიოსთვის“.

პუტინი კი ტრამპისგან არ ითხოვს არანაირ დახმარებას, არანაირ მხარდაჭერას, არავითარ რესურსს იმისთვის, რათა საკუთარი პოსტაბჭოური პროექტი  (ესე იგი „მოსკოვური სახელმწიფოს“ აღდგენა ბალტიის გამოკლებით) განახორციელოს. ითხოვს მხოლოდ ერთს: ჩაურევლობას! მეტს არაფერს. და პირიქით, ამ პირობით „იქით“ მხარსაც დაუჭერს, რათა ერთად გადაწყვიტონ პრობლემები, თუნდაც  იმავე ახლო აღმოსავლეთში.

რომელი ბიზნესმენი გაუძლებს  ცდუნებას, რათა მიიღოს ამგვარი „გეშეფტი?“ პუტინის იმედი, მისი გათვლა  კი სწორედ ისაა, რომ განსხვავებით ბოლო რამდენიმე „ვიზიონერისგან“, პრეზიდენტი ტრამპი ბიზნესმენია! ანუ აზროვნებს სულ სხვა „მენტალურ კოორდინატთა სისტემაში“, რომლის საფუძველია მარტივი პრინციპი: „ჩემი-ჩემია, ხოლო შენი-შენი. თუ კარგ ფასს გადამიხდი (გადაგიხდი) „შენი-ჩემი“ გახდება, ხოლო „ჩემი-შენი“. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასზე მოვილაპარაკებთ. თუ ვერ მოვილაპარაკებთ, მე შენს საქმეში არ ჩავერევი, შენ კი - ჩემსაში: ყირიმი, უკრაინა,  საქართველო, აფხაზეთი  - შენი პრობლემაა და შენ მიხედე. შენ იცოდე და მათ!

მორჩა და გათავდა. -  business is usual.

ობამას, კლინტონს, ბუშს და სხვა ნეოკონ-გლობალისტ-ვიზიონერებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში, ექნებოდათ მორალური უფლება ტრამპისთვის „სატანისტური ცინიზმი“, „მოკავშირეთა და ღირებულებათა ღალატი“ დაებრალებინათ, თუ თვითონ იმოქმედებდნენ სხვაგვარად (და არა ისე ჩასვრილად - სამარცხვინოდ, როგორც იმოქმედეს) 2008 წლის ომის, 2014 წლის ყირიმის ანექსიის, პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამკვიდრებული ყველა საერთაშორისო წეს-კანონის, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის „თავზე გადახევის“  დროს და შემდეგ.

მაგრამ რაკი ყოველივე ამის მიუხედავად თავად განაგრძეს პუტინთან business is usual, - მხოლოდ ფეიკური „სანქციებით“ შემოიფარგლნენ და მოსკოველ იმპერიალისტს თვალებს უჟუჟუნებდნენ არაოფიციალურ რაუტებზე G20 სამიტებისას,  ახლა რა პრეტენზიის გამოთქმის მორალური უფლება აქვთ ბიზნესმენ ტრამპის მიმართ, რომელსაც ცნება „ამერიკის დიდება“ მათგან განსხვავებულად ესმის?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა . . . . . . . . . . . ეს ყოველივე იქით იყოს და . . . . . ჩვენ რა ვქნათ ჩვეეეეეეენ?

 

ნიკა იმნაიშვილი 

 

ავტორი: . .