საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ 15 სექტემბერს შემდგარ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა.
„მე შევხვდი ლევან იზორიას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო დღეს მინისტრის ხედვა გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია-მოდენიზაცია, მათ შორის გაწვევის საკითხი, უშუალო კავშირშია ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობასთან, შესაბამისად ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.