ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორიამ ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა, რომელთა განხორციელებაში მას უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ უსაფრთხოების კუთხით გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები და ჩვენი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.
„ამ მიმართულებით მთელი მთავრობის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშისა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო. ლევან იზორიამ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.