საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში უკრაინის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო თავდაცვის სამინისტროში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსთან ერთად იმყოფებოდა.
ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან უკრაინელ დიპლომატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სხვადასხვა კურსის შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რაც ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და უკრაინელი სამხედროების მონაწილეობას გულისხმობს.
უკრაინელმა პოლკოვნიკმა, სერგეი კუნდიუსმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო გააგრძელებს მოღვაწეობას.