სირიულ ალეპოში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი იკვრება, რომელმაც, თითქოსდა, იმ სტატუსამდე და სტადიამდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა, რის შემდეგაც გადამჭრელი ზომები დასავლეთს მხრიდან უკვე გარდაუვალი იქნება: რუსული ავიაცია უმოწყალოდ ბომბავს ალეპოს, „ლენინგრადის“ მსგავს საზარელ ბლოკადას უწყობს უზარმაზარ ქალაქს; ხოლო ამას წინათ ისეთი რამ ჩაიდინა, რისი მსგავსიც არ ახსოვს თანამედროვე მსოფლიოს: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფომ . . . . მიზანმიმართულად გაანადგურა გაეროს ჰუმანიტარული კოლონა, დახოცა გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები!
თუ იურიდიულად მივუდგებით საკითხს (ან კი სხვა რა მიდგომა შეიძლება არსებობდეს, როდესაც საქმე ეხება სამართალს ზოგადად და საერთაშორისო სამართალს კონკრეტულად?) მოსკოვმა ჩაიდინა საზარელი სამხედრო დანაშაული, რისთვისაც გათვალისწინებულია ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი.
იგივე ტრიბუნალი სრულიად რელევანტური იქნებოდა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების ქეისშიც, რადგან როგორც უტყუარად დაამტკიცა ინტერნაციონალურმა გამოძიებამ ასეულობით მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საზენიტო დანადგარი „ბუკი“ სწორედ რუსეთიდან შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე, გასროლა განახორციელეს რუსეთის არმიის მოქმედმა ოფიცრებმა; ანუ, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მინიმუმ რუსეთის თავდაცვის მინისტრი უნდა გადაეცეს ჰააგის ტრიბუნალს. თუმცა, საერთაშორისო ტრადიციით, „კაცობრიობის წინააღმდეგ“ ჩადენილ ამ მასშტაბის კრიმინალზე პირველი პირები აგებენ ხოლმე პასუხს. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე პატარა სერბიას ეხება. მაგრამ როცა საქმე ეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა . . . . . რუსულად ასე ჟღერს: «Кишка у вас тонка!»
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა ეს ყოველივე შესანიშნავად იცის. ანუ იცის, რომ, თუ ერთი „ძარღვიანი კახური“ გამოთქმის პერიფრაზს მოვიშველიებთ, „ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრიან“. ამიტომ მხოლოდ აძლიერებს წნეხს: აგზავნის სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს С-300 და С-400, იმუქრება ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებით; აგრძელებს ალეპოს ბარბაროსულ დაბომბვებს; ფაქტიურად აანონსებს, რომ ჰუმანიტარულ კოლონებს კვლავ გაანადგურებს თუ ისინი ალეპოს ბლოკადის დარღვევას ეცდებიან, ესე იგი უბედურ ადამიანებს სარჩოს მიაწვდიან და ა.შ და ა.შ.
სამხედრო თვალსაზრისით, მარტო უახლესი ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“, რომელიც იქვეა დისლოცირებული - ხმელთაშუა ზღვაში, - იმდენად აღემატება ყველაფერს ერთად აღებულს, რაც კი რუსეთს გააჩნია სირიაში, „რამე რომ იყოს“ ლუკმად არ ეყოფა ეგ რუსული კონტინგენტი მთელი მისი შეიარაღებით. მაგრამ. . ანეკდოტისა არ იყოს, „გამაადგა რო?“
როგორც ვხედავთ, „კიბერ-ომსაც“ კი უგებს პუტინის რუსეთი ობამას ამერიკას! ამაზე მეტი სიგიჟე გაგონილა? ინტერნეტიც ამერიკული გენიის შექმნილია, კომპიუტერიც, „ეფლ-უოჩიც“ და საერთოდ ყველაფერი, რასაც პუტინის ზესაიდუმლო „უკაზით“ 2002 წელს შექმნილი „საინფორმაციო ჯარები“ იყენებენ ამერიკის წინააღმდეგ. მაინც უგებენ. მოდი და ნუ „გაცოფდები“ მართლა! არადა, ერთი ღილაკზე თითის დაჭერა უნდა (ეს „ღილაკი“ მხოლოდ ამერიკაში მდებარეობს!) და რუსეთი საერთოდ მოსწყდება გლობალურ ქსელს, თუმცა . . . . . ძირძველი ქართული სიტყვა „მთხლე“ იცით რას ნიშნავს? აი, ამას ნიშნავს!
არ არსებობს დასავლეთში პოლიტიკური ნება, არ არსებობს „ლიდერშიპი“: ამერიკაში გრძელდება უკვე მართლა მარაზმად ქცეული საარჩევნო კამპანია და არ დაიჯეროთ, თითქოს თუ „ბილარი“ მოვა ხელისუფლებაში, რამეს განსაკუთრებულს გააკეთებს რუსეთის მიმართ.
სინამდვილეში, კლინტონი დღეს ახმოვანებს ხმამაღალ ანტირუსულ მესიჯებს, რაკი რეალური და კონკრეტული პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მაგრამ როგორც კი დაეკისრება, გარწმუნებთ, სულ სხვაგვარად აჭიკჭიკდება. დაახლოებით ისე, როგორც ჟღურტულებდა, როცა სახელმწიფო მდივანი იყო და ლავროვს ყველგან ყველაფერი დაუთმო.
იმიტომ, რომ დასავლეთის სისუსტე, სინამდვილეში, ბევრად ღრმა სისტემური მიზეზებითაა გამოწვეული და მხოლოდ „ლიდერშიპზეც“ არ დაიყვანება!
პუტინმა ეს იცის; ამიტომ, უკვე აშკარად დასცინის დასავლეთს. ესე იგი, არა მხოლოდ გამაოგნებლად თავხედურ ნაბიჯებს დგამს, არამედ პირდაპირ, ჟარგონით თუ ვიტყვით „აჩმორებს“ საჯაროდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიწყოთ პირველით: რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანა ე.წ. „კალინინგრადის ოლქში“ (ისტორიულ კიონიგსბერგში, სადაც კანტი განისვენებს) „ისკანდერის“ რაკეტების დაყენება. „ისკანდერი“ მხოლოდ და მხოლოდ „თავდასხმითი“ სამხედრო საშუალებაა და თავდაცვასთან საერთო არაფერი აქვს.
მოკლედ აღვწეროთ, რას წარმოადგენს ეს საზარელი იარაღი: ფორმალურად მისი სიშორე 500 კილომეტრია, თუმცა სპეციალისტებმა იციან, რომ სულ იოლად შეიძლება გაიზარდოს კიდევ რამდენიმე ასეული კილომეტრით. თანაც მისი საბრძოლო ნაწილი სრულიად შესაძლებელია აღიჭურვოს ბირთვული მუხტითაც.
„ისკანდერი“ ჯერ 50 კილომეტრზე ადის სტრატოსფეროში, შემდეგ „გაფანტული ტრაექტორიით“ ეშვება ზებგერითი სისწრაფით ისე, რომ მისი ჩამოგდება თვით სახელგანთქმულ ამერიკულ ანტისარაკეტო „პეტრიოტსაც“ არ ძალუძს.
„ისკანდერის“ სიზუსტე 5-10 მეტრის ცდომილებაა: სწორედ ეს რაკეტა ესროლეს რუსებმა გორს დაღესტნის მთებიდან 2008 წლის 12 აგვისტოს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აფეთქდა. ამასთან დაკავშირებით, რუსული „გენშტაბის“ წარმომადგენელს ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა მაშინდელი ყოველდღიური პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ: „არც ისე ზუსტი ყოფილა ეს თქვენი „ისკანდერი“, რაკი ქალაქის ცენტრში დაეცა და არა გორის ქართულ სამხედრო ბაზაზეო“, რაზეც რუსი სალდაფონებისთვის ჩვეული, შხამიანად-ირონიული პასუხი მიიღო: „მერედა ვინ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზას ვუმიზნებდით?!“
კალინინგრადიდან „ისკანდერი“ სულ იოლად მისწვდება არა მხოლოდ ვარშავას, არამედ ბერლინს! ამით პუტინი დასავლელ პარტნიორებს მიანიშნებს, რომ სავსებით შეიძლება გავიდეს „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შეზღუდვის“ („სნსრშ“) ეპოქალური შეთანხმებიდან, რომელიც რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა გააფორმეს შორეულ 1988 წელს.
ორი კვირის წინ კი, პუტინმა ამერიკას შეურაცხმყოფელი ულტიმატუმი წაუყენა: „იმაზე უარესი თუ არ გინდათ, რასაც უკრაინასა და სირიაში ვაკეთებ (იგულისხმებოდა, თუ არ გინდათ „სნსრშ“ გამოვიდეო, რასაც, სხვათა შორის, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს -ნ.ი.), აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარები გაიყვანეთო.
წარმოგიდგენიათ?
მართლა ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, მაგრამ „გასდის“. და რაკი „გასდის“, უკვე არათუ „ისკანდერებს“ აყენებს კალინინგრადში, არამედ პირდაპირ, დაუფარავად დასცინის კიდეც დასავლეთს!
მაგალითად, საფრანგეთმა უარი განაცხადა რუსეთისათვის გადაეცა „მისტრალის“ უახლესი ვერტმფრენმზიდი - უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო. შემდეგ ეს ვერტმფრენმზიდი პარიზმა ეგვიპტეს მიჰყიდა, ხოლო რუსეთს, ჯარიმის სახით, თითქმის მილიარდი ევრო გადაუხადა.
ახლა კი ირკვევა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი, გენერალი ასისი თურმე მზადაა, „მისტრალი“ ისევ რუსეთს გადასცეს სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად - ოღონდ კი მოსკოვმა რუსი ტურისტები დააბრუნოს ეგვიპტეში! უკვე მისია და ვისი რა საქმეა ვის რას გადასცემს?
შედეგად, რუსეთი იღებს უახლეს, მაღალტექნოლოგიურ იარაღს სრულიად უფასოდ, რაკი ფრანგებმა უზარმაზარი ჯარიმა გადაუხადეს!!!
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ როგორც ჩანს, ეს კომბინაცია პუტინს თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული: ჯარიმაც მიიღო საფრანგეთისგან და, საბოლოოდ, მისტრალიც.
როგორია?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ალბათ მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ პუტინი ძალიან ჭკვიანი, ცბიერი და ნიჭიერი პოლიტიკოსია! ზოგადად, საბჭოთა КГБ-ში უნიჭო ადამიანები არ მუშაობდნენ. მით უმეტეს მნიშვნელოვან პოზიციებზე. კი ბატონო, არამზადები იყვნენ, გარეწრები იყვნენ და ა.შ. მაგრამ უნიჭოები - არასოდეს! მით უმეტეს მნიშვნელოვან პოზიციებზე. ხოლო ვლადიმერ პუტინი იყო КГБ-ს რეზიდენტი დრეზდენში! დრეზდენში, ესე იგი აღმოსავლეთ გერმანიაში, ანუ ე.წ. „გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, რომელიც მაშინ მოსკოვის აბსოლუტური პრიორიტეტი იყო. ამაზე დიდი პრიორიტეტი იმ ეპოქაში კრემლს არც ჰქონია.
ყველაზე საზარელი კი ისაა, რომ, ბოლოს და ბოლოს, პუტინის ГБ-შნიკურ ნიჭიერებასა და ცბიერებაში კი არ არის საქმე, არამედ დასავლეთის სისტემურ სისუსტეში, რაც ამ ბოლო 10 წლის კრიზისებმა (მათ შორის 2008 წლის ომმა) მკაფიოდ დაადასტურა. ამიტომ, ისევ და ისევ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ „ლიდერშიპზე“, სანამ ეს სისტემური პრობლემა იარსებებს, ევროპა დარჩება ისეთივე კომიკურ და თავსლაფდასხმულ სიტუაციაში, როგორშიც იმყოფება უკრაინისა და სირიის პრობლემებთან დაკავშირებით.
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა, ვინც და როგორიც არ უნდა აირჩიონ 2016 ან 2020 წელს, ამ საქმეს ვერ უშველის. სისტემური პრობლემის დაძლევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებითვეა შესაძლებელი. ამგვარი რეფორმისთვის კი აუცილებელია არა უბრალოდ „ლიდერშიპი“, არამედ ბევრად უფრო ღრმა სისტემური ძვრა: უპირველესად, დიდი გერმანელი ერი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გათავისუფლდეს ისტორიული კომპლექსისგან, რომელიც მას მანიაკმა, პარანოიკმა შიკლგრუბერმა შესძინა!
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ „მიგრანტთა კრიზისს“ (დიდწილად ესეც პუტინის პროვოცირებულია) და გერმანული ელიტების ნიშანდობლივ რეაქციას ამ კრიზისზე, სამწუხაროდ, ჯერ ამგვარი სასიკეთო გარდატეხის არანაირი სიმპტომი არ ჩანს.
ნიკა იმნაიშვილი