დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი იყო, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფორმატია.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიამ ელჩს აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა შესთავაზა.
აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრნენ.