ENG / RUS       12+

მოსმენებისა და გადატრიალებების ქვეყანა

„ოცნებამ“ თუ რამ ისწავლა კარგად „ნაციონალებისგან“, როგორც ჩანს, ისწავლა ფარული მოსმენები და მათი გამოყენების ტექნოლოგია. ამ ფონზე, ორივე მხარე კომიკურად გამოიყურება, რაკი პირველნი წინა ხელისუფლებას ამუნათებენ ფარული მოსმენებისთვის, ხოლო მეორენი მწყაზარი სახით გვეუბნებიან, რომ, თურმე, „კონტენტის განხილვა უზნეობაა“, რაკი ჰგონიათ, აღარ გვახსოვს, რა ამბავი ტრიალებდა ყველა ეთერში 2007 წლიდან - 2012 წლამდე.

„ამიტომაც დავმარცხდითო“ - ამ თეზისს ლოგიკური გაგრძელება აკლია: „ამიტომაც დავმარცხდით, მაგრამ ახლა „კონტენტზე მსჯელობა უზნეობაა“, რადგან ხელს შეგვიშლის გავიმარჯვოთ და ისევ დავბრუნდეთ ხელისუფლებაში იმ პირობით, რომ მეტს აღარ ვიზამთ და აწი კარგად მოვიქცევით“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა საუბარი მრავალმხრივ საინტერესო მოვლენა გამოდგა. დღემდე გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ნაციონალთა ელიტამ პირველი ათეული (თუ დათო ბაქრაძეს არ ჩავთვლით) დაეთმო იმ პერსონაჟებისთვის, ვისთანაც მიშა არც ერთ სერიოზულ საკითხს სერიოზულად არ განიხილავს და რომლებიც, სინამდვილეში, არაფრად მიაჩნია.

ვინც მიაჩნია „რაიმედ“, სწორედ იმათთან მსჯელობდა რეალურ გეგმებზე, მაგრამ რაკი პირველ ათეულში არ არიან, შეიძლება ისეც მოხდეს,  8 ოქტომბერს მიღებული ხმების რესურსი არ ეყოთ პარლამენტში მოსახვედრად, ანუ სადეპუტატო იმუნიტეტის გარეშე დარჩნენ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, როგორც საპოლიციო არტიკულებში აღინიშნება  ხოლმე, „მსვლელობა მისცეს“ სისხლის სამართლის საქმეს.  იგი ჯერ საბოტაჟის მუხლით აღიძრა („სახელმწიფო დაწესებულებათა ბლოკირების მომზადება“), შემდეგ კი ბევრად დამძიმდა და ამჟამად გამოძიება  „კანონიერი ხელისუფლების დამხობა - სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით მიმდინარეობს.

თუმცა, სკანდალური ფარული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტები, რომლებიც თათბირზე „კრეატიულ წინადადებებს“ აჟღერებენ ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯოხებით გაუპატიურების შესახებ, ახლა აცხადებენ, რომ ხმა კი მათია, თუმცა აუდიომასალა  კამპილაციაა - იგი შედგება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა შემადგენლობით გამართული საუბრების ნაწყვეტებისგან: მათი დამონტაჟებით შეიქმნა ერთიანი სურათი და „ჩაეკერა“ სისხლის სამართლის საქმეში.

რაც შეეხება „კონტენტს“, რომლის განხილვას კომიკურობამდე მისული უტიფრობით გვიკრძალავენ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ადასტურებს მის ადრინდელ შეხედულებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოთქვა და მეორედ აღარ გაუმეორებია: „ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიული საარჩევნო გზით დამარცხება და მისი ხელისუფლებიდან ამ მეთოდით ჩამოშორება შეუძლებელია!“.

ანუ, ის ტრენდი, ის ფილოსოფია, რომელსაც დღეს „ოცნება“ განასახიერებს, 2003 წლამდე კი შევარდნაძე განასახიერებდა, მხოლოდ რევოლუციური გზით შეიძლება დაამარცხო.

გამორიცხულია, სააკაშვილი აქ მხოლოდ და იმდენად „არჩევნების გაყალბებას“ გულისხმობდეს. იგი სულ სხვას გულისხმობს და საკუთარ გამოცდილებას ითვალისწინებს, რაკი ძალიან კარგად იცის, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მაქსიმუმ (თუნდაც ყველა „გაყალბების“, ყველა „ჩაყრის“ ჩათვლით) მხოლოდ 25%. დანარჩენი 75% იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ქვეცნობიერად, ზოგჯერ კი შეგნებულად გრძნობდნენ  მიშას რადიკალიზმიდან მომდინარე საფრთხეს, რაც მთლიანად დადასტურდა 2008 წელს.

ამ მენტალობის ამომრჩეველი არსად გამქრალა და კვლავ „წინააღმდეგ“ მისცემს ხმას. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს სოციალური კატეგორია არ არის პასიონარული, ანუ არ არის „ქუჩაში გამომსვლელი“, სადმე „შემვარდნი“, „ბარიკადებზე დამპირისპირებელი“, „თავპირისმტვრეველი“ „ქვების მსროლელი“ და ა.შ: მას ურჩევნია არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მერე სახლში დაჯდეს და გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ თუ მის მიერ არჩევნებზე მიცემული ხმა, მთლიანობაში უმრავლესობად შეიკრიბება ბიულეტენთა დათვლის შემდეგ, ეს უზრუნველყოფს სიმშვიდეს, ოჯახურ მყუდროებასა და სტაბილურობას, ანუ სწორედ იმას, რაც მას სურს და  უნდა, რაკი მეტი არც არაფერი აინტერესებს.

მიშამ კი იცის: ერის ისტორიას მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის  და არა ობივატელური უმრავლესობა. ამიტომ, ბიულეტენების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არა აქვს: გადამწყვეტია პასიონართა ოდენობა. ისევე, როგორც 2003 წელს.

ოღონდ, ამჯერად, სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს მის მიერვე შექმნილი, ტექნოლოგიურად ბრწყინვალედ აღჭურვილი და პროფესიულად სრულყოფილი სპეცსამსახური, რომელიც შევარდნაძეს, რასაკვირველია არ გააჩნდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა.

მაგრამ ამავდროულად,   კვლავ მის განკარგულებაშია ის ფენომენალური  ტელევიზია, რომელმაც 90%-ით გადაწყვიტა „ვარდების რევოლუციის“ ბედი და ახლაც „ამზადებს სიტუაციას“, როგორც თათბირზე ითქვა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაფრით ჩანს, სააკაშვილი შეგნებულად ამწვავებს ვითარებას და ზრდის ფსონებს. ამ დისკურსში საინტერესო კითხვაა: სად  და როგორ არის ჩაწერილი „თათბირი“ ან თუნდაც მისი ფრაგმენტი, რაც უდავოდ გამოყენებულია კამპილაციაში.

ერთი ვერსიით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერები, სააკაშვილთან სატელეფონო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. ანუ, თავად თბილისში (ან ბათუმში) იყვნენ, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი - - ოდესაში. მაგრამ ოდესის გუბერნატორმა დიდი ხანია დანამდვილებით  იცის: მისი საუბრები ისმინება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ. ყველა ხაზი, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან სსრკ-ს დასავლეთ ნაწილში მდებარე რესპუბლიკებს ერთმანეთთან აკავშირებდა, გადის რუსეთის  ტერიტორიაზე. კონკრეტულად, ნოვოროსიისკზე. რა ტექნოლოგიითაც არ უნდა ისაუბრო  (Skype, Viber, Whatsapp) არანაირად დაცული არ ხარ.

მაშ რატომ აკეთებს ამას მიშა, როდესაც ზუსტად იცის, უეჭველად ჩაიწერენ? პასუხი მარტივი და ნათელია: აკეთებს შეგნებულად, რაკი იცის, რომ ის სოციალური კატეგორია, რომელზეც დებს ფსონს, სწორედაც რევოლუციას ელის და მხოლოდ „ბიძგი“ სჭირდება ქუჩაში გამოსასვლელად; ამდენად, ეს აუდიოჩანაწერი მისთვის   კომპრომატი კი არა, მზადყოფნის სიგნალია.

ხოლო მეორე  (მთლიანობაში უმეტესი) ნაწილი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მაინც არ მისცემს მიუხედავად იმისა, გამოქვეყნდება ამგვარი ჩანაწერები თუ არა. „თათბირის“ სხვა მონაწილეები ამას აშკარად ვერ ხვდებიან, რაკი სააკაშვილზე ბევრად ნაკლები „პოლიტიკური ცხოველები“ არიან, ამდენად მხოლოდ იმიტომ მსჯელობენ ასე გულწრფელად, რომ ჰგონიათ, ვერ მოუსმენენ და ვერ ჩაიწერენ.

მეორე ვერსიით, თათბირის მნიშვნელოვანი ნაწილი არა ტელეფონით, არამედ ოდესაში შედგა და იმ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ჩაიწერეს ჩუმად, რომლებმაც მოგვიანებით განაცხადეს, რომ ემიჯნებიან ნაციონალებს, რაკი რევოლუციური სცენარი მიუღებლად მიაჩნიათ.

ასეც რომ იყოს, გამორიცხულია სააკაშვილს ეს გათვალისწინებული არ ჰქონოდა: მას ყველაფერი შეიძლება დააბრალო გულუბრყვილობის გარდა. მაშასადამე, ესეც „ფსონების ზრდაა და მეტი არაფერი.

ყველაზე დიდი შეცდომა კი ისაა, თუ ვინმეს ჰგონია, ამგვარი ჩანაწერები მოსახლეობის ე.წ. „გადაუწყვეტელ“ ნაწილს „ნაციონალთა“ საწინააღმდეგოდ განაწყობს. უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ეს კატეგორია ხმას აძლევს არა მსოფლმხედველობით, არამედ აღქმით. ანუ  ხმას აძლევს იმას, ვინც მის თვალში ჩანს (!) და მის მიერ აღიქმება (!), როგორც „მაგარი“, „გამკეთებელი“ და ა.შ. პროკურატურას,  ფარულ ჩანაწერთა გამოქვეყნების  შემდეგ მონაწილენი რომ დაეპატიმრებინა, - ამ ხალხის ხმებს „ოცნება“ მიიღებდა, მაგრამ რაკი არ დააპატიმრა (თუნდაც ჯერ „ვერ დააპატიმრა“ და ვერც დაკითხა) ეს უკვე სისუსტედ მოსჩანს მის თვალში და აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას არჩევნებზე, რომლის  მოახლოება ბევრ ამგვარ სკანდალს გვპირდება.

ოღონდ, ყოველთვის არა იმ შედეგებით, რაც მათ ინსპირატორებს  აქვთ გათვლილი,

 

მიხეილ გეწაძე 

ავტორი: . .