ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები მიემგზავრებიან.
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი. ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები.
„დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. თქვენ შორის არიან ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებსაც უკვე გამოუვლია ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალური სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს. დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას“,- განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.
თავდაცვის მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში ქართველების წვლილზე ისაუბრა და უცხოურ მისიაში მიმავალ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ყველა ქართველს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა იმ საპასუხისმგებლო მისიის მიმართ, რომელიც თქვენ ავღანეთში უნდა განახორციელოთ. ჩვენ სამაგალითონი ვართ თანამშრომლობის იმ მაღალი ხარისხითა და პარტნიორობით, რომელსაც ავღანეთში ვიჩენთ. თავად ვიხილე, თუ რა გამორჩეულები ვართ ქართველები და ყველანი ვამაყობთ თქვენით. დარწმუნებული ვარ, ამ საუკეთესო ტრადიციებს თქვენც გააგრძელებთ ავღანეთში. მინდა, პირველ რიგში მადლობა ვუთხრა თქვენი ოჯახის წარმომადგენლებს, მშობლებს თანადგომისთვის. თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას. ჩვენ თქვენს ოჯახებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვლოცულობთ, რომ მშვიდობით დაუბრუნდეთ სამშობლოს“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში მიმავალ სამხედროებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კი ყურადღება ქართველი სამხედროების გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა.
„ჩვენი სამხედროების ამ კონტინგენტის დახლოებით 75 პროცენტი უკვე ნამყოფია ავღანეთში. დარწმუნებული ვარ, მათ ეს გამოცდილება ძალიან გამოადგებათ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული იარაღის სახელს, რომელზეც თამასა ასე მაღლა არის აწეული, ისინი კიდევ უფრო მაღლა ასწევენ. ქართველი სამხედრო კარგად აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ავალია“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო დროშის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების ბოლოს კი, ავღანეთში მიმავალი სამხედროები კაპელანმა დალოცა.
32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მყოფ 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაანაცვლებენ და ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავენ, 51-ე ბატალიონის წევრები კი, 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეცვლიან და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას უზრუნველყოფენ.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.