ENG / RUS       12+

”ოცნება” მათი, ის ძველთაძველი...

როდესაც სააკაშვილის ეპოქის ჩუმმა მეჭურჭლეთუხუცესმა,  ირიბმა ტაძართმშენებელმა, და ექსცენტრიულმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ პირველად 2011 წლის შემოდგომაზე ხმამაღლა და  საჯაროდ განაცხადა, ხოლო დეკემბერში საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” დააფუძნა, მაშინდელი მმართველი პარტიის - ნაციონალური მოძრაობისათვის ეს ცხადი და საგანგაშო პოლიტიკური სიგნალი იყო.

2012  წლის გაზაფხულზე ”ოცნებამ” პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და პარტიული კოალიცია გააფორმა რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან (მათ მოგვიანებით ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” შეუერთდა). პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” კი ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა და უაღრესად დაძაბული, ლამის ტრილერის მსგავსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ჭრელი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული ერთიანი კამპანის წყალობით მოიგო.

”ქართული ოცნების” გამოცხადებული მიზნებიდან - სოფლის მეურნეობის აღორძინება, 100 ახალი ქარხნისა და საწარმოოს აშენება, საყოველთაო დაზღვევა, საგარეო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის კურსის შენარჩუნება, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმა, ევროპულ  ოჯახში გაერთიანება, სამართლიანობის აღდგენა, პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია და გამჭვირველება - უმრავლესობა არ და ვერ შესრულდა.

კოალიცია ”ქართული ოცნებას” არც მყარი და ერთიანი იდეოლოგია აღმოჩნდა და არც ერთიანი პოლიტიკური პოზიცია, რომ საზოგადოების თვალში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონედ წარმოჩენებულიყო. უკვე 2014 წლის გაზაფხულზე ”ოცნების” ერთობას პრობლემები შეექმნა და ამის პირველი სიგნალი ”თავისუფალი დემოკრატების” კოალიციდან გასვლა იყო. შიდაპარტიული კრიზისის მიუხედავად, ფორმალური ერთობა ”ოცნებამ” 2016  წლამდე მაინც შეინარჩუნა, თუმცა უკვე გაზაფხულიდან ცხადი გახდა, რომ კოალიცია დაიშლებოდა და ასეც მოხდა.

”რესპუბლიკელების” დაგვიანებულმა ამბიციებმა, მთვლემარე ”ფორუმის” უდროო გამოფხიზლებამ, ”მრეწველების” ღიად პრორუსულმა ირიენტაციამ (კონსერვეტორები ხომ საერთოდ აღარავის ახსოვდა), ენმ-ს წინააღმდეგ 2012 წელს შეკოწიწებული ერთობა და ენერგია საბოლოდ დაშრიტა და გააქრო.

დღეს უკვე პარტია ”ქართული ოცნება” ასე, ვთქვათ, საკუთარ ეგზისტენციურ მარტობაში დარჩა, თუმცა ”ხერხემალი”( თუ შეიძლება ასე ითქვას) - ექსცენტრიული მილიარდერი, არსად გამქრალა. ის ისევ იქაა და ისევ ძველთაძველ ოცნებაშია დარჩენილი. მაგრამ ეს მარტოობა მაინც ლოგიკურია.

იდეოლოგიისა და სახელმწიფოს განვითარების კონცეფციის არარსებობა, ღირებულებების სიჭრელე და აღრევა, საგარეო ვექტორების ცვლილებები და რუსეთთან გაუმართლებელი ზიგ-ზაგები, ეკონომიკური სტაგნაციის გამოკვეთილი ნიშნები, კოალიციაში მყოფი დეპუტატების უმრავლესობის სრული უდერულება და ურეიტინგობა, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების კომპრომატებსა და ნეგატიურ ინფორმაციაზე ორიენტირება, ნაკლებად საინტერესო, უღიმღამო, ან საეჭვო პოლიტიკური რეპუტაციის პოლიტიკოსთა წარმოჩენა, პოლიტპატიმრების თემის ირგვლივ სკანდალი და ნეპოტიზმის აშკარა ნიშნები - ეს ყველაფერი სრულიად გასაგებს ხდის ”ქართული ოცნების” კრიზისის მიზეზებს.

პრეზენტაციაზე, რომელიც განახლებულმა ”ოცნებამ” ზაფხულში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" საარჩევნო სია წარადგინა.

მაშ ასე, სიაში შედიან: ახალგაზრდა იურისტთა ასიციაცის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია, ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტი აკაკი ზოიძე, შინაგან საქნეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა, იურისტი ირინა ფრუიძე, ბიზნესმენი კახა კუჭავა, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს წევრი ნინო გოგუაძე, შს აკადემიის პრორექტორი სოფო კილაძე; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე.

 

”ქართული ოცნება” ამჯერად არც ქარხნების აგუგუნებას ჰპირდება ამომრჩეველს, არც ტარიფების განახევრებას და  აღარც პოლიტ-პატიმრების შეახული თუ აღდგენილი ღირსება ახსოვს. 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ”ოცნება” უფრო აბსტრაქტულ და გლობალურ ფასეულობებს დაეყრდნობა:

დემოკრატიული განვითარება;

ეკონომიკური განვითარება;

 სოციალური განვითარება;

 საგარეო ურთიერთობებო;

უსაფრთხოება და თავდაცვა.

მთავრობის ასევე რამდენიმე პუნქტიანი ”კეთილი” გეგმა აქვს, რომელშიც შედის ეკონომიკური რეფორმა, განათლების რეფორმა, ქვეყნის ოპტიმალური განვითარება და ადგლობრივი მმართველობის რეფორმა. კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაუგებარია რა გზებით და მექანიზმებით აპირებს ”ოცნება” 200 ათასი ახალი სამუშო ადგილის შექმნას, უმუშევრობის შემცირებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას.

საარჩევნო პროგრამაში არაფერია ნათქვამი საპენსიო ფოდის, ან კონკრეტულად პენსიის გაზრდის შესახებ. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ  მომავალში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლისათვის საჭირო რეფორმას გაატარებს (ეს სხვათა შორის 2012 წლის საარჩევნო დაპირებებშიც იყო გაცხადებული). ასევე საუბარია, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელზე, ”რომელიც საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია გახდება”.

განათლების სისტემაში კი ”ოცნება” განვითარდების დუალურ (გერმანულ) მოდელს ირჩევს, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. კერძო სექტორთან ერთად, კვალიფიკაციური კადრების მოსამზადებლად, სახელმწიფო და საწარმოები  აუცილებლად გაინაწილებენ კომპეტენციებს.

ცხადია, რომ მმართველი გუნდიც არ ჩამორჩა მოდას ამომრჩეველს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით სასჯელის ლიბერალიზაციას  რაც შეეხება ჯანდაცვას, ”ოცნება” ამომრჩეველს ასევე აბსტრაქტულად გპირდება, რომ ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა შენარჩუნება, ხოლო მისი შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

პროგრამის ბოლო ცხადია, კეთილია და ის შემდეგი ტექსტით მთავრდება: ”მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და კონკრეტული გეგმით, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს”... ბედის ირონია კი ის არის, რომ სწორედ კონკრეტული გეგმის ნაცვლად, ”ქართული ოცნების” პროგრამა მხოლოდ კეთილ, აბსტრაქტულ დაპირებს ეყრდნობა. არადა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ჯიუტად სჯერა, რომ ”საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის განხორციელდება რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გარღვევას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაში”.

მოკლედ, ”ოცნება” მათი კარგად დავიწყებული ძველია, უდრო ზუსტად ძველთაძველი. 

დავით ბუხრიკიძე

ავტორი: . .