გონიოში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს დღეს საზღვაო წესით დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერემონია გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა. ჯარისკაცების სამხედრო-საზღვაო წესით დაკრძალვას ოჯახის წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და უწყების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან. ცერემონიის ფარგლებში, ზღვაში ყვავილებს გაუშვებენ.
ცნობისთვის, 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან გამოიყენეს ყველანაირი რესურსი, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი, იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.
გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობის შესაბამისად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ უვადო შიმშილობა დაიწყო დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედამ. ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულების ძებნა განაგრძონ.