საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართა. თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის მოსანახულებლად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა. დელეგაციას ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრები ქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან, შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ იურგენ უეითთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ავღანეთში ისმაილ არამაზთან გამართეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულ IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებს პირადად გაესაუბრა.
„მე, შეგნებულად, პირველი საერთაშორისო ვიზიტი ავღანეთში განვახორციელე იმიტომ, რომ მინდოდა გულით ჩვენი ვაჟკაცი ბიჭებისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდი საქმისთვის, რა საქმესაც ისინი აქ ეწევიან. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ, რომ ყოველდღიური მათი საქმიანობა უდიდეს რისკთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თითოეულს გვმართებს, და განსაკუთრებით სახელმწიფოს, ამ ბიჭების მიმართ თანადგომა, მხარდაჭერა, პატივისცემის და იმ სიყვარულის გამოხატვა, რაც საზოგადოებას აქვს ზოგადად ჯარის მიმართ. ასევე, მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ყველა გენერალთან შეხვედრის შემდეგ მეუფლებოდა განწყობა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩემპიონები იმ საქმეში, რასაც ჰქვია მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს არის ჩვენი უდიდესი წვლილი ამ საერთაშორისო მისიის ფარგლებში და გენერლების მიერაც ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის დიდი პროფესიონალიზმი, ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან გააჩნია. დიდ წილად სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც საქართველოს დღეს აქვს მოპოვებული," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზეც" გაემგზავრა და ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს ბაზა „მარმალზე" დისლოცირებული II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შესახებ ესაუბრა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებსაც შეხვდა.
მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა, სადაც თავდაცვის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის საქმიანობის შესახებ. ბატალიონის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს უშუალოდ გააცნო საქმიანობის დეტალები და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების როლი. თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან ერთად ისადილა და ჯარისკაცების პრობლემებით დაინტერესდა. ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების როლზე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ჯეფრი ბანისტერთანაც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მინისტრი ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
„ძალიან მიხარია, რომ მე თქვენს გვერდით ვარ. გულით მოვიწევდი თქვენსკენ. პირველი ვიზიტი შეგნებულად სწორედ აქ განვახორციელე, ერთადერთი მიზნით, რომ გამოვხატო დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ. მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აქ ახორციელებთ. თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენ ხართ სიამაყე. მე როდესაც შევხვდი გენერლებს, მათ გამოხატეს უდიდესი მოკრძალება თქვენს მიმართ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, გაბედულები ნებისმიერ საქმეში. მართალია ჩვენ ვართ მცირე ერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გული, დიდი სულისკვეთება. ის, რაც მე აქ ვნახე, მართლაც, რომ მოლოდინს აჭარბებს. თქვენ ყოველდღიური საქმიანობა გიწევთ დიდი საფრთხისა და რისკის ფასად და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ქართველმა, უნდა დააფასოს თქვენი ღვაწლი და უნდა იყოს ყოველთვის მადლიერი. ამიტომაც არის, რომ საქართველოში თუ ვინმეს აქვს ყველაზე დიდი ნდობა, ეს ხართ თქვენ - ჯარი. ამისთვის, თქვენ დიდი მადლობა. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, მადლობას ვუხდი უფროს სამხედრო წარმომადგენელს ავღანეთში, ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანს, ყველა ოფიცერს, ვინც აქ არის, ვინც აქ იყო და ვინც მომავალშიც იქნება. დიდი მადლობა მათ თითოეულს გაწეული ღვაწლისთვის! თუმცა, ეს ბრძოლა და ეს ვალდებულება, რასაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, მართალია, დანაკარგების გარეშეც ვერ იქნება. მე დავრჩი მართლაც აღფრთოვანებული, როდესაც ვნახე, თუ როგორ მიაგებთ პატივს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ხსოვნას. დიდი მადლობა ამისთვის და მინდა, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების წინაშე, რომელთაც სისხლი დაღვარეს ავღანეთში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ ჩვენ 31 აგვისტოს პირველად ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 1999 წელს პირველი საერთაშორისო მისია განხორციელდა კოსოვოში და ამ მისიის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად ყველაზე დიდი ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ნდობა, რომელიც მოპოვებულია ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი ერთგულებით საქმის მიმართ და იმ მეგობრობიდან გამომდინარე, იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახეს. ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში მართლაც შეუფასებელია. ამიტომ, ჩვენ 31-ში ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს თქვენთან ერთად. ამიერიდან ეს არის თქვენი დღე. თქვენ ხართ ქართველნი, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფთ მსოფლიოში. მინდა, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრათ, ჩემო ძმებო. მინდა, ერთადერთი სურვილი გამოვხატო, რომ ყველანი დაბრუნდეთ ჩვენს ლამაზ, ბედნიერ საქართველოში მშვიდობით იმიტომ, რომ თქვენნაირი შვილები არის სწორედ გადარჩენის და აყვავების შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყველაზე მეტად სწორედ თქვენს გვერდით ვგრძნობ ქართულ გენს, გენს დავით აღმაშენებლისა, გენს ჭავჭავაძისა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის!"- მიმართა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული ბატალიონის შემადგენლობას.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სამხედრო სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი სამხედროებს პრობლემებზე პირადად გაესაუბრა და მათ გადაჭრას დაპირდა. ლევან იზორია მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ბაგრამის ბაზაზე მოქმედ ქართულ ეკლესიაში ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსმსახურეებთან ერთად შეხვდა და წმინდა მარიამის ხატი მიაბრძანა. წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს თბილისიდან ჩატანილი სადღესასწაულო ქადებით პირადად გაუმასპინძლდა.