საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული, რამდენი ხნით ინიშნება გენშტაბის უფროსი და თუკი ახალი მისნისტრი მის გადაყენებას მოისურვენს მან უბრალოდ უნდა უთხრას.
„რამდენი ხნით ინიშნება გენერალური შტაბის უფროსი, კანონმდებლობაში არსად დაფიქსირებული არ არის. არსებობს ირაკლი ალასანიას ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გენერალური შტაბის უფრო ძირითადად ინიშნება სამი პლუს ერთი ვადით. ეს არის მინისტრის განკარგულება, რომელიც არ არის კანონის ძალის მატარებელი. მინისტრის წარდგენით გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი მთავარსარდალი. თუ ჩათვლის მინისტრი, რომ ასეთი გადაწყვერილება მისაღებია, ამას არც განკარგულება სჭირდება და არც წარდგინება. შეუძლია, მითხრას და მე თვითონ გადავდგები. ამის პრობლემა, გარწმუნებთ არ გამაჩნია“,-აღნიშნა კაპანაძემ და დასძინა, რომ მისი დანიშვნიდან სამი წელი 2016 წლის ბოლოს იწურება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე განცხადება, რამდენიმე დღის წინ გააკეთა.