დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. უწყების ინფორმაციით, რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა.
„თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და ქვეყნისთვის ჩემთვისაც ფიცის დადების ცერემონიაა. ასევე, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების და ოჯახების მიმართ - ღირსეული მშობლების შვილები და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - მიმართა ლევან იზორიამ რეკრუტებს და ქვეყნის სამსახურის სათანადოდ შესრულებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც მიმართა. მან სამხედროებს კარიერული წინსვლა უსურვა და ქართულ ჯარში სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ბაზა „ალგეთზე“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საუკეთესო და ფიზიკურად ყველაზე გამძლე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. საპატიო სიგელები მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში საუკეთესო მსროლელებმა და კურსის საუკეთესო სერჟანტმა.
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრუტებმა საჯარისო წესდებები, კავშირგაბმულობა და სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. ასევე, სამწყობრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო, ფიზიკური და სამხედრო საინჟინრო მომზადება გაიარეს.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა ამერიკელი ინსტრუქტრებით დაკომპლექტებული საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი 2011 წელს საწყისი ჩამოყალიბდა. გასულ წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.