საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობასთან გამართა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო. ნატოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი ტორსტენ კიოლერი; ხოლო ქართული მხრიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. სტუმრებმა ლევან იზორიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პროფესიულ საქმიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებში.
მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის 2014 წლის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.
როგორც ნატოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არიან, დახმარება გაუწიონ რეფორმების განხორციელებაში.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილის შეტანას. ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ პირველ ნატო-საქართველოს სწავლებაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა ნატოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს ალიანსის მოთხოვნების შესაბამისად და ამაღლებს ნატოსთან ურთიერთავსებადობას: „სიმბოლურია, რომ პირველი შეხვედრა, როგორც მინისტრის რანგში მქონდა ნატოს წარმომადგენლობასთან საქართველოში. ნატოსთან პარტნიორობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ამ სტანდარტების თავსებადი ქვეყანა, რაც უელსის სამიტზე აღიარებული იქნა. ამას ვაძლიერებთ და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომლებსაც ინტენსიური პარტნიორობა აქვთ ნატოსთან, სხვა ოთხ ქვეყანასთან ერთად.“
შეხვედრის შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი ხელმძღვანელმა, უილიამ უილჰიუმ განაცხადა, რომ ნატოს გუნდთან ერთად მზადაა, გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მხარდაჭერა,უკვე დაწყებული წარმატებული რეფორმების განხორციელების პროცესში. “ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ პირველი ფორმალური შეხვედრა ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრთან და მოხარულები ვართ რომ მოგვეცა ახალ გუნდთან მუშაობის საშუალება. შეხვედრაში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გვსურს გავახმოვანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი გვერდში უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.“