თავდაცვის ახალი მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება.
„პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების - ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
თავდაცვის ახალმა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში პროფესიონალთა ჩართულობა. ლევან იზორია დარწმუნებულია, რომ თითოეული ჯარისკაცის მხარდაჭერა უწყების სიძლიერის საწინდარი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი აქტიურად იმუშავებს იმ სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად, რომელიც აქვს საქართველოს, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით და აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმის სახით, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს ქმნის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯარი, სამხედრო უწყება, მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული უწყება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უწყებიდან ყველაზე მეტად გამოდიოდეს ქვეყნის ერთიანობის სულისკვეთება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.