გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
,,პოსტსკრიპტუმთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.
არსებული ინფორმაციით საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა.