საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ალბანელ ლიდერს, პოლკოვნიკ ტონინ მარკუს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ალბანელ სამხედრო მრჩეველს მადლობა საქართველოში წარმატებული მისიისთვის გადაუხადა.
მათივე ინფორმაციით, ალბანელი პოლკოვნიკის ტონინ მარკუს როტაცია საქართველოში ექვსი თვის საქმიანობის შემდეგ განხორციელდა. მას ალბანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ადი ნდონი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. მას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, შოთა ღვინერია და ნატო-საქართველოს ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ.