ENG / RUS       12+

რიო: ვის რა აღელვებს, ანუ ოლიმპიური ელეგია

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო ალბათ ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მსოფლიო სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში: მიუხედავად იმისა, რომ ანტიდოპინგურმა სააგენტომ, კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით, „დადო“ აბსოლუტურად უტყუარი, „წყალგაუვალი“ დასკვნა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი გამაოგნებელი ფალსიფიცირების შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად (!) დაამტკიცა კაპიტულანტური გადაწყვეტილება და არათუ დაუშვა რუსეთის ნაკრები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ აუკრძალა ამ თამაშებში მონაწილეობა იმ რუს სპორტსმენს (იულია სტეპანოვას), ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთში, სახელმწიფო დონეზე არსებული ფალსიფიცირებისა და „დოპინგიზმის“ მხილებაში.

ამიერიდან, უკვე ყველას, ვინც ოდესმე ითანამშრომლებს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ეცოდინება, რომ ამგვარი საქციელი დასჯადია! და აღარც არავინ ითანამშრომლებს:  რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი ოლიმპიური იდეალების დაცვისთვის, როდესაც ამ იდეალებს სწორედ ისინი არ იცავენ, ვინც პირველ რიგში ვალდებულია მათ ემსახუროს?

თავის დროზე, პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშები ჩაიფიქრა, როგორც ევროპული რენესანსის, ესე იგი ანტიკური კულტურისა და მსოფლმხედველობის აღორძინება ახალ ეპოქაში. ამ კულტურის საფუძველთა-საფუძველი გახდა პატიოსნება და თანასწორობა.  ძველი წელთაღრიცხვის მეცხრე საუკუნიდან დაწყებული, როდესაც საბერძნეთში პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა, ეს ასპარეზობა ემსახურებოდა არა იმდენად სპორტულ შედეგს ან პიროვნულ წარმატებას, რამდენადაც მშვიდობის, ძმობის, კეთილშობილების, პატიოსნების და თანასწორობის ღირებულებებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა დაადგინა რიჩარდ მაკლარენის კომისიამ? მან უტყუარად დაადასტურა, რომ 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე, რომლის მოგება პრეზიდენტ პუტინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის მიტაცების წინ, რუსეთის სპეცსამსახურები, უმაღლეს ხელისუფალთა დავალებით ცვლიდნენ დოპინგ- მასალებს სოჭთან მდებარე ლაბორატორიაში: სანტექნიკოსებად გადაცმული აგენტები, შენობის კედელში გაკეთებული ხვრელით და შიგნით შეგზავნილი მსტოვრების მეშვეობით, ამ ხვრელიდან იღებდნენ კოლბებს ბიო-მასალებით და აყალბებდნენ მათ.

შედეგად, სოჭის ოლიმპიადა რუსეთმა ტრიუმფალურად მოიგო.  პუტინი მაშინ დიდად არ დარდობდა იმაზე, რომ ასეთი მასშტაბის სიყალბე, ამა თუ იმ გზით, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამჟღავნდებოდა. არ დარდობდა, რაკი დარწმუნებული იყო, რომ ბევრს მაინც ვერაფერს გაუბედავდნენ და ამაში სრულიად მართალი აღმოჩნდა: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მიუხედავად ანტიდოპინგური სააგენტოს და ასეულობით პატიოსანი სპორტსმენის  კატეგორიული მოთხოვნისა, არ დასაჯა რუსეთის სამარცხვინო „ოლიმპიური კარტელი“ ამ სიყალბისა და სახელმწიფოს მხრიდან დოპინგის მხარდაჭერისთვის, ესე იგი უმწიკვლო  ოლიმპიელებისათვის მედლების მოპარვის გამო!

მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლაა, რაც მოსკოვმა იმ ქვეყნებზე განახორციელა, რომელთა  წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე: მთავარ სხდომამდე ორი დღით ადრე,  გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა,  რომ უკრაინაში ომის განახლება სრულიად შესაძლებელია; ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაუკავშირდა ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის და გააფრთხილა: რუსეთისათვის ასეთი სილის გაწვნას უმძიმესი შედეგები მოჰყვება. იმავე დღეებში, რუსეთის ავიაციამ დაბომბა ამერიკულ-ინგლისური სამხედრო ბაზა სირიაში. თუმცა, ზუსტად იმ დროს და ისე, რომ უშუალოდ ინგლისელთა და ამერიკელთა მხრიდან ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ანუ, ეს ბოლო  გაფრთხილება იყო.

დასავლელი ლიდერები ყველაფერს მიხვდნენ. მართლაც: რუსული ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმა, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთისთვის  ომის  გამოცხადებას ნიშნავდა! ყოველ შემთხვევაში, რუსული მხარე სწორედ ასე აყენებდა საკითხს კულუარული მოლაპარაკებებისას. ეს იქნებოდა ვლადიმერ პუტინის ყველაზე სერიოზული მარცხი მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში და განა ვინაა  დღეს დასავლეთში ისეთი ლიდერი, რომელიც ამას ხელს მოაწერდა,  ანუ „რუსულ დათვს“ ამდენად გააცოფებდა?

შედეგად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც, თუ პირდაპირ ვიტყვით, ჩაისვარა და კაპიტულაცია გამოაცხადა! ეს კაპიტულაცია  იქცა მკაფიო ილუსტრაციად იმისა, როგორ და რატომ იმარჯვებს მუდმივად პუტინი.

რომ იმარჯვებს, ამის უარყოფა ძნელია (ყირიმიდან - სირიამდე) მაგრამ როგორ? პირველ რიგში იმით, რომ ყოველთვის ახერხებს დასავლეთის დაყენებას კატეგორიული არჩევანის წინაშე: გინდათ მშვიდი ცხოვრება? გინდათ შესანიშნავი ბელგიური ლუდის წრუპვა საღამოობით გრანდ-პალცზე და აუტკივარი თავის არატკივება? მაშინ. . . . . .  საჭირო დროს უნდა გაიხადოთ ხოლმე. მეტს არაფერს გთხოვთ. ჯერ-ჯერობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

დღეს ყველა როდი აცნობიერებს,  რა გამანადგურებელი შედეგი მოჰყვება ამ სამარცხვინი (მორიგ) კაპიტულაციას იმავე დასავლეთისთვის. სამაგიეროდ საქართველოში, რომლის სპორტულ და არა მხოლოდ სპორტულ ხელმძღვანელობას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია გრანდიოზული სკანდალის გამო, გაიმართა კომიკური მსჯელობა ქართველ ოლიმპიელთა საზეიმო ფორმაზე, რომლითაც ჩვენმა სპორტსმენებმა მარაკანაზე უნდა გაიარონ ოლიმპიადის გახსნის დღეს.

როგორც აგვიხსნეს, ამ უბადრუკობას თურემ „ელეგი ეწოდება და ქართული ეროვნული სამოსი ყოფილა. ზოგმა კი იკითხა, „ასე ძალიან რატომ ჰგავს ყირგიზულსო“, მაგრამ უმალვე უპასუხეს: აი XIX საუკუნის ესკიზები -  აჭარულია და აჭარაში ქალებს მართლაც ასე ეცვათო. თითქოსდა აჭარა, 300 წლის განმავლობაში თურქული სამყაროს ნაწილი არ იყო და ამ ისტორიული ფაქტის გათვალისწინებით, ვინმეს უნდა უკვირდეს, რატომ ჰგავს ქართველ ოლიმპიელთა სამოსი ყირგიზი ქალბატონების ჩაცმულობას.

 „სამოსელის“  სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რატომ არ უწერიათ ე.წ. ეროვნულ-ფუნდამენტალისტურ ძალებს არათუ ისტორიული გამარჯვება, არამედ სერიოზული წარმატებაც კი: იმიტომ, რომ მთლიანად მოწყვეტილნი არიან დროს, მაშასადამე სივრცესაც!

დროს აქვს თავისი სტილი. ისევე,  როგორც სივრცეს, - ამ შემთხვევაში ოლიმპიურ პერფორმანსს. ოლიმპიადა არ არის ფოლკლორული ფესტივალი, სადაც კიდევ შეიძლება ბევრი მოხიბლო შენი ეთნიკური პოლიფონიით ან ჩოხით!  სწორედ იმ იდეალების გამო, რომელსაც ელინურმა გენიამ დაუდო სათავე, ოლიმპიადა საერთო საკაცობრიო ღირებულებათა ასპარაზია. ამ ღირებულებებს კი იქ ადამიანის სხეულებრივი სილამაზე და ძალა განასახიერებს. სწორედ ამიტომ, სერიოზული ქვეყნები, ოლიმპიური სამოსის შექმნისას, იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ წარმოაჩინონ განსხვავებანი, არამედ იმაზე, თუ როგორ მოახერხონ  უკეთ ადამიანის სხეულებრივი სილამაზისა და ძალის დემონსტრირება.  სწორედ ამაში ეჯიბრებიან ხოლმე ერთმანეთს ფრანგი და იაპონელი დიზაინერები, თორემ „ეროვნული სამოსი“ მათაც აქვთ. თანაც, ჩვენზე არანაკლები, თუ გულწრფელნი ვიქნებით.

აქედან გამომდინარე „კოჭის ქვემოთ კაბას“ (წინ კომიკური „ბოქლომით“) ვერ ერთ ოლიმპიადაზე, ვერც ერთი ეროვნული ნაკრების მსვლელობისას ვერ იხილავდით. შესაძლოა ირანი იყოს გამონაკლისი. და ესეც ნაწილობრივ, რადგან სტილისა და ზომიერების გრძნობა იმათაც კი შველის ხოლმე, განსხვავებით ამ ჩვენი „ეროვნულ-პრავასლავურ-ეგზარხული“ დაჯგუფებისგან, რომელიც სულ უფრო მეტ გავლენას იძენს „საოცნებო საქართველოში“.

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .