მთავარი პროკურატურის სპიკერ-პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ დავით ქარსელაძემ და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა უფროსმა ედიშერ კობახიძემ
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლეს და შესაბამისად, დაკავებული არ არიან. მისი თქმით, აღნიშნული პირები ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ამხელენ.
„დავით ქარსელაძე და ედიშერ კობახიძე იმყოფებიან საქართველოში. მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ამხელენ მაშინდელ გენპროკურორს ზურაბ ადეიშვილს“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული საქმე გახსნილად დღეს გამოაცხადა.