პრეზიდენტი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გააქტიურონ საგამოძიებო მოქმედებები კორცხელში მომხდარ ინციდეტნტან დაკავშირებით, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბირიფინგზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფომ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც არჩევნები მუშტიკრივის ასპარეზად აქვთ წარმოდგენილი.
„ორი თვე გავიდა კორცხელში მომხდარი დანაშაულებრივი სამარცხვინო ინციდენტიდან - შემთხვევიდან, რომელიც მუდმივად დგას საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში. პრეზიდენტმა პირველივე დღეს დააფიქსირა საკუთარი ნეგატიური პოზიცია და მოითხოვა სამაგალითო გამოძიება, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ ნათელი გზავნილი იქნებოდა იმისა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამას მოჰყვა მაღალი თანამდებობის პირების მკაცრი შეფასებები და იმედისმომცემი დაპირებები. სამწუხაროდ, დაპირებები დაპირებებად დარჩა და დღეს ჩვენ ადეკვატური შედეგი არ გვაქვს.
საქართველოს პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გააქტიურონ საგამოძიებო მოქმედებები და მოხდეს ამ ინციდენტის ეფექტური და სამაგალითო გამოძიება. პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფომ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც არჩევნები მუშტიკრივის ასპარეზად აქვთ წარმოდგენილი. ეფექტური გამოძიება შესაძლო, მომავალი ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია. ეს იქნება სწორი გზავნილი მათთვის, ვისაც არჩევნები, არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ ფიზიკური ორთაბრძოლის ჭრილში აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა მიშველაძემ.